ყველაზე გავრცელებული "ლინუქსური" პროგრამა, რომელსაც კომპიუტერის მყარ დისკის ნაწილებად დაყოფა შეუძლია, არის პროგრამა Gparted.
Gparted შედის ლინუქსის ოფიციალურ რეპოზიტორებში და იოლად ყენდება ლინუქსის ოპერაციულ სისტემაში (იხ. ეს პოსტი). მაგრამ თუკი ამ პროგრამას მყარი დისკიდან გავუშვებთ, ლინუქსისთვის გამოყოფილი განაყოფის ზომის შეცვლას ვერ შევძლებთ - Gparted გვიპასუხებს, რომ ეს დანაყოფი ამ მომენტში ხმარებაშია და ვერ შევცვლიო.
იმისთვის, რომ ლინუქსისთვის მყარ დისკზე გამოყოფილი დანაყოფის ზომა შევცვალოთ, საჭიროა Gparted გავუშვათ ინფორმაციის გარე მატარებლიდან - ლაზერული დისკიდან ან USB "ფლეშკიდან". ამისთვის გამოდგება თავად ლინუქსის საინსტალაციო დისკიც - თუ მას გაუშვებთ Try linux without installing რეჟიმში. როგორც წესი, ამ რეჟიმში გაშვებულ ლინუქსში აყენია პროგრამა Gparted - უბრალოდ მოძებნეთ იგი მენიუებში და გაუშვით.
შესაძლებელია აგრეთვე მოამზადოთ ცალკე ლაზერული დისკი ან "ფლეშკა", რომელიც მხოლოდ Gparted-ს გაუშვებს. ამისთვის გადით ვებ-გვერდზე http://gparted.sourceforge.net/livecd.php და მიჰყევით ინსტრუქციებს (ლაზერულ დისკზე საინსტალაციო პროგრამის ჩაწერამდე გადახედეთ ამ პოსტს).
გაუშვით Gparted ლაზერული დისკიდან ან "ფლეშკიდან" (ზოგადად კომპიუტერის გარე დისკიდან გაშვება ახსნილია ამ პოსტში). ის გაჩვენებთ კომპიუტერის მყარი დისკის კონფიგურაციას. თუ მყარ დისკზე მხოლოდ ლინუქსი აყენია, სურათი იქნება დაახლოებით ასეთი:
ეს სურათი ნიშნავს, რომ კომპიუტერის მყარი დისკი დაყოფილია ორ ნაწილად. დიდი ნაწილის ზომაა 35,79GB (მასზე აყენია ლინუქსი), მცირე ნაწილის კი 1,46GB (ეს ლინუქსის swap-განყოფილებაა. განმარტებისთვის იხ. ეს პოსტი).
ვინაიდან დისკი მთლიანად სავსეა, დისკის ახალი დანაყოფის შექმნისთვის საჭიროა არსებული დანაყოფების ზომის შეცვლა. მონიშნეთ დანაყოფი, რომლის ზომის შეცვლას აპირებთ, "დაწკაპეთ" მაუსის მარჯვენა ღილაკზე და მენიუში, რომელიც გამოჩნდება, აირჩიეთ Resize/Move:
გაიხსნება ახალი "ფანჯარა", რომელშიც შეგვიძლია მივუთითოთ დანაყოფის სასურველი ზომა:
შევამციროთ ლინუქსის დანაყოფის ზომა 4-5 GB-მდე:
და დავაჭიროთ ღილაკს Resize/Move. "ფანჯარა ოდნავ შეიცვლება. მოძებნეთ მის ზედა მენიუებში ღილაკი, რომელზეც ამ სურათში მაუსის სანიშნე უთითებს:
დააჭირეთ მას. ამის შემდეგ პროგრამა შეუდგება მიღებული მითითებების განხორციელებას და კომპიუტერის მყარი დისკის კონფიგურაცია შესაბამისად შეიცვლება.
No comments:
Post a Comment