ჩემთვის პირადად ლინუქსის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ იგი უფასოა. თან ლეგალურად უფასო. მე უბრალოდ არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამები (ვინდოუსი, ოფისი და ა.შ) ლეგალურად შევიძინო. პირატული პროგრამების დაყენება კი არ მსიამოვნებს - არ მინდა ქურდად ვგრძნობდე თავს! ამიტომ ავირჩიე ლინუქსი, რომელიც საშუალებას მაძლევს ფული დავზოგო და კანონები არ დავარღვიო. ხოლო ის, რომ სამაგიეროდ ლინუქსი ჩემს დროს, ტვინს და ენერგიას ითხოვს - ჩემთვის სრულიად მისაღებია. სამართლიანია, ჩემი აზრით.
ლინუქსის მეორე კარგი თვისება არის ის, რომ მას ბევრად ნაკლები მტერი ჰყავს, ვიდრე ვინდოუსს. და მსოფლიოს ჰაკერები მისი შემქმნელები ან გამომყენებლები არიან. ამიტომ არავინ იწუხებს თავს მისთვის ვირუსების დაწერაზე და გავრცელებაზე. შესაბამისად - ლინუქსს ვირუსები არ ჰყავს და ანტივირუსები არ გჭირდებათ!
კიდევ ერთი კარგი თვისება, რაც მე ლინუქსში მომწონს, არის ის, რომ იგი არ არის "მტაცებლური": არ გზღუდავს, არ გეპატრონება, არ ცდილობს რომ მის მეტი არაფერი გამოიყენო, რომ მხოლოდ მისი მომხმარებელი იყო სამუდამოდ. ლინუქსი თავისუფლად დგება კომპიუტერზე ვინდოუსის "გვერდით"; არსებობს სისტემის კომპაქტური ვარიანტები, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს კომპიუტერზე "დაყენებას" - მას შეუძლია ლაზერული დაისკიდან იმუშავოს: გარდა ამისა, ლინუქსი გაძლევს ვინდოუსის ნებისმიერი პროგრამის გამოყენების შესაძლებლობას _ არსებობს პროგრამა Wine, რომელიც ასეთ პროგრამებს "ვინდოუსის გარემოს" უქმნის და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ; ლინუქსის სხვადასხვა დისტრიბუციები არ ებრძვიან ერთმანეთს - ყოველთვის შეგიძლია პაკეტის ერთი ნაწილი მეორეთი ჩაანაცვლო.
ლინუქსის მიმზიდველობის კიდევ ერთი, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მისი მიმდევრების "საზოგადოებების" (ფორუმების) გახსნილობა და კეთილგანწყობაა _ როგორც ძველი, ისევე ახალი და სრულიად უვიცი წევრებისადმიც. და ეს შემთხვევითი არ არის _ ეს ღია და თავისუფალი პროგრამირების ფილოსოფიის (ზოგიერთი მას უბრალოდ პრაგმატულ შორსმჭვრეტელობადაც თვლის) ნაწილია. მე პირადად ეს ფილოსოფია მომწონს.
No comments:
Post a Comment