ლინუქსის დისტრიბუციის ლაზერულ დისკზე ჩაწერისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
დისტრიბუციის საინსტალაციო ფაილი, როგორც წესი, წარმოადგენს დაახლოებით 700 მეგაბაიტის ზომის ფაილს, რომლის დასახელება მთავრდება .iso-თი. სწორედ ეს ფაილი უნდა ჩამოტვირთოთ და ჩაწეროთ ლაზერულ დისკზე. მაგრამ ჩაწერა არ უნდა მოხდეს უბრალოდ Burn CD ბრძანებით! სანაცვლოდ თქვენს CD-ჩამწერ პროგრამაში უნდა იპოვოთ ბრძანება Burn CD image ან Copy CD და დისკზე ლინუქსის საინსტალაციო პაკეტის ჩასაწერად სწორედ ის გამოიყენოთ (თუ თქვენ ვინდოუსში ხართ და CD-ჩამწერ პროგრამას არ გააჩნია CD image-ის შექმნის უნარი, ჩამოტვირთეთ და დაიყენეთ მაგალითად ეს პროგრამა).
გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ლინუქსის ჩამოსატვირთ საიტებზე ყოველ .iso-დაბოლოებიან ფაილთან ერთად დევს მცირე ფაილი, რომლების დაბოლოებაა .iso.md5 . ამ ფაილის დისკზე ჩაწერა საჭირო არ არის. ის შეიცავს ინფორმაციას თქვენთვის, რათა შეძლოთ გადაამოწმოთ, ხომ არ დაზიანდა საინსტალაციო ფაილი ჩამოტვირთვისას ან დისკზე ჩაწერისას (რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება). ამისთვის (მას შემდეგ რაც ლინუქსის საინსტალაციო ფაილს ჩამოტვირთავთ) უნდა მოიქცეთ ასე:
თუ თქვენ ვინდოუსში მუშაობთ, ჩამოტვირთეთ (მაგალითად, ამ საიტიდან) და დაიყენეთ პროგრამა Windows MD5 Sum generator. გაუშვით იგი და მიუთითეთ თქვენს მიერ ჩამოტვირთული ლინუქსის საინსტალაციო ფაილი. ის გამოითვლის ფაილის ე.წ. MD5 ჯამს - ანუ დაგიწერთ ასოების და ციფრების 32-ნიშნა მიმდევრობას. ეხლა კი გახსენით .iso.md5-დაბოლოებიანი ფაილი, რომელიც ამ საინსტალაციო ფაილის გვერდით იდო ვებ-საიტზე. მასშიც მოძებნეთ მსგავსი 32-ნიშნა მიმდევრობა და საგულდაგულოდ შეადარეთ ეს ორი ერთმანეთს.განსხვავება არ უნდა იყოს! თუ განსხვავება არის, ეს ნიშნავს, რომ ჩამოტვირთვისას ფაილი დაზიანდა. წაშალეთ იგი და ჩამოტვირთეთ ხელახლა. შეამოწმეთ ეს ახალი ფაილიც.
სამწუხაროდ, საინსტალაციო ფაილი აგრეთვე შეიძლება დაზიანდეს ლაზერულ დისკზე ჩაწერისას. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ დისკზე ჩაწერის ყველაზე დაბალი შესაძლო სიჩქარე. და ჩაწერილი ფაილი აგრეთვე გადაამოწმეთ ზემოთ აღწერილი მეთოდით. თუ ჩაწერილი ფაილის md5 ჯამი არ დაემთხვა ვებ-გვერდზე მითითებულს, - ამ საინსტალაციო დისკის გამოყენებას ნუ შეეცდებით - საინსტალაციო პაკეტის შეცდომები ძალიან გაგაწვალებთ (და რაც მთავარია, ვერავინ მოგეხმარებათ მათ გადაწყვეტაში - ვინ იცის, რა ნაწილი დაზიანდა!). ამიტომ უბრალოდ გადააგდეთ ნახმარი დისკი და ჩაწერეთ საინსტალაციო ფაილი ახალ დისკზე.
თუ თქვენ საინსტალაციო ლაზერული დისკის მომზადებისას უკვე იმყოფებით ლინუქსში, md5 ჯამის გამოთვლა შესაძლებელია ტერმინალის საშუალებით. ამისთვის გადადით (იმედია თქვენ უკვე წაკითხული გაქვთ ეს პოსტი, ეს პოსტი და ეს გვერდი) იმ დირექტორიაში , სადაც ჩამოტვირთეთ iso-დაბოლოებიანი ფაილი და მიეცით ბრძანება:
md5sum file
(აქ file-ს მაგივრად ჩაწერეთ ჩამოტვირთული ფაილის ზუსტი დასახელება)
ტერმინალი დაგიწერთ 32-ნიშნა "რიცხვს" რომელიც უნდა შეადაროთ მსგავს მიმდევრობას ვებ-გვერდზე საინსტალაციო ფაილის გვერდით მყოფი md5-ფაილიდან. თუ განსხვავებები არის, წაშალეთ ჩამოტვირთული ფაილი და ჩამოტვირთეთ ხელახლა.
No comments:
Post a Comment