Monday, May 2, 2011

ტერმინალის პატარა ეშმაკობები

ტერმინალში სამუშაოდ სასარგებლოა იცოდეთ შემდეგი:

1. ტერმინალი ინახავს თქვენს მიერ მიცემული ბრძანებების სრულ ისტორიას.
ადრე მიცემული ბრძანებების "ნახვა" უბრალოდ კლავიატურის ისრიანი კლავიშების გამოყენებით არის შესაძლებელი. ზემოთ მიმართული ისრიანი კლავიშის ყოველი დაჭერით უფრო და უფრო ადრე მიცემულ ბრძანებებს ხედავთ (ანუ ისტორიაში ძველისკენ მოძრაობთ), ქვემოთ მიმართული ისრიანი კლავიშის დაჭერა კი უკან (ანუ არსებული მომენტისკენ) გაბრუნებთ. თან ამ მოძებნილი ძველი ბრძანებების კოპირება და გადმოწერა კი არ არის საჭირო -  ყოველი ძველი ბრძანების ჩვენებისას ტერმინალი მას პირდაპირ წერს მიმდინარე ბრძანებების ხაზზე და მისი გაშვება უბრალოდ Enter კლავიშის დაჭერით შეგიძლიათ.

2. ტერმინალში მუშაობს მაუსის სამივე ღილაკი, თან თავისებურად: საკმარისია მაუსის მარცხენა ღილაკით მონიშნოთ რაიმე ტექსტი და ამის შემდეგ დააჭიროთ მაუსის მესამე (შუა) ღილაკს - მონიშნული ტექსტი მიმდინარე ბრძანებების ხაზში ჩაიწერება.

თუ თქვენ გსურთ ამ გზით ტერმინალში "ჩააკოპიროთ" ტექსტი სხვა პროგრამიდან (მაგალითად ტერმინალის სასურველი ბრძანების ტექსტი ამ საიტიდან), ამისთვის მოსახერხებელია ეკრანზე ორი "ფანჯარა" (ამ შემთხვევაში: ერთი - ტერმინალის, მეორე კი - ბრაუზერის, რომელშიც ამ საიტს ნახულობთ)  გვერდიგვერდ გქონდეთ გახსნილი და თითოეული მათგანი აქტიურდებოდეს არა მაუსის მარცხენა ღილაკის "დაწკაპვით", არამედ მაუსის მაჩვენებლის უბრალოდ "შესვლით" ამ ფანჯარაში. კომპიუტერის ასეთ რეჟიმზე გადასართველად მოძებნეთ მენიუებში Window manager და იქ მოძებნეთ ჩანართი Focus. აირჩიეთ რეჟიმი Focus follows mouse:


ამის შემდეგ თქვენ იოლად შეძლებთ სასურველი ტექსტის გადატანას ბროუზერიდან ტერმინალში: ამისთვის მონიშნეთ ტექსტი ბროუზერის "ფანჯარაში", შემდეგ  მაუსის სანიშნით უბრალოდ გადადით გვერდით გახსნილ ტერმინალის "ფანჯარაში" და დააჭირეთ მაუსის მესამე (შუა) ღილაკს.

No comments:

Post a Comment