Sunday, April 10, 2011

ახალი პროგრამების დაყენება

ლინუქსის სისტემაში რაიმე ახალი პროგრამის დასაყენებლად სამი გზა არსებობს:
  1. პაკეტების მენეჯერის გამოყენება;
  2. პროგრამის დაყენება ტერმინალის საშუალებით;
  3. ვინდოუსისთვის გამიზნული საინსტალაციო პაკეტის დაყენება ვინდოუსის იმიტატორი პროგრამების საშუალებით;

იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, რომელ გზას გაჰყვეთ, უნდა გაარკვიოთ ორი საკითხი:

 ა) არსებობს თუ არა ამ პროგრამის საინსტალაციო პაკეტი (ფაილი), რომელიც ლინუქსის ოპერატიული სისტემისთვის არის გამიზნული;
 ბ) თუ ასეთი პაკეტი არსებობს, შედის თუ არა ის თქვენი კონკრეტული ლინუქს-დისტრიბუციის ოფიციალურ ინტერნეტ-საცავში (რეპოზიტორებში).

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად შეგიძლიათ უბრალოდ "დაგუგლოთ" _ ანუ გახვიდეთ www.google.com საიტზე და საძიებელ ფანჯარაში აკრიფოთ ამ თქვენთვის საინტერესო პროგრამის დასახელება (ლათინური ასოებით) და მიამატოთ  linux reporsitories. მერე დაათვალიერეთ მოძებნილი გვერდები და გააანალიზოთ მიღებული ინფორმაცია.

თუმცა არსებობს საკითხის გარკვევის "ლინუქსური" გზაც. შედით ტერმინალში. თუ თქვენ აბანტუ (Ubuntu) ან დებიან (Debian) ლინუქსში ხართ, აკრიფეთ:

apt-cache search program 
(program-ს მაგივრად იმ პროგრამის დასახელება უნდა იყოს, რასაც ეძებთ)

დააჭირეთ Enter კლავიშს და დაელოდეთ. კომპიუტერი დაიწყებს ინტერნეტ-საცავებში ამ პროგრამის ძებნას. თუ იპოვა, დაგიწერთ მის მოკლე აღწერას. თუ ვერ იპოვა - არაფერი არ დაიწერება, გამოჩნდება უბრალოდ პრომპტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი შემდეგ ბრძანებას ელოდება. ანუ თუ პასუხი ვერ მიიღეთ, ეს პროგრამა თქვენი კომპიუტერისთვის ცნობილ ინტერნეტ-საცავებში არ არის.

თუ თქვენ ფედორას იყენებთ, აკრიფეთ ტერმინალში ასეთი ბრძანება:

yum search program
(ცხადია აქაც program-ს მაგივრად იმ პროგრამის დასახელება უნდა იყოს, რასაც ეძებთ) და დააჭირეთ Enter კლავიშს.

დაელოდეთ კომპიუტერის პასუხს. თუ პასუხი შეიცავს ფრაზას No Matches found, ეს ნიშნავს რომ სასურველი პროგრამა ინტერნეტ-საცავებში არ მოიძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწერება მოძებნილი პროგრამის მოკლე დახასიათება.

თუ თქვენ ლინუქსს აქვს ასეთი პროგრამები: Synaptic Package Manager, ან Software Center, ან PackageKit, ან Yum  - მაშინ პროგრამის ლინუქსური ვერსიის ძიებაც და დაყენებაც უფრო გაგიიოლდებათ. განმარტებებისთვის გადადით აქ.

თუ ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია, მაგრამ თქვენს ლინუქსს წინა აბზაცში ჩამოთვლილი არც ერთი პროგრამა არ გააჩნია, მაშინ გადადით აქ.

თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, ხოლო მეორეზე უარყოფითი - გადადით აქ.

თუ ორივე ზემოთ მოყვანილ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, გადადით აქ.

No comments:

Post a Comment