Friday, April 22, 2011

კომპიუტერის გაშვება გარე დისკიდან ან "ფლეშკიდან"

კომპიუტერის გარე დისკიდან "გაშვებას" (ან "ჩატვირთვას") ვეძახით სიტუაციას, როდესაც კომპიუტერის ჩართვისას გაეშვება და ამუშავდება არა კომპიუტერის მყარ დისკზე ჩაწერილი პროგრამა ან ოპერაციული სისტემა, არამედ გარე ლაზერულ დისკზე ან "ფლეშკაზე" ჩაწერილი პროგრამა ან ოპერაციული სისტემა. ცხადია, ნებისმიერი გარე დისკი ამისთვის არ გამოდგება - დისკი, რომელზეც კინოფილმი ან დოკუმენტებია ჩაწერილი კომპიუტერს არ "გაუშვებს". კომპიუტერი შეიძლება ჩაიტვირთოს ან გაეშვას მხოლოდ რაიმე პროგრამის/ოპერაციული სისტემის საინსტალაციო დისკიდან ან ე.წ. "ცოცხალი დისკიდან" (Live CD, იხ. ეს პოსტი).

ჩადეთ ასეთი დისკი კომპიუტერის CD--ROM-ში და გამორთეთ კომპიუტერი. იმისთვის, რომ შემდეგი ჩართვისას კომპიუტერი ამ CD-დან გაეშვას, ჩართვის მომენტში ჩვენ შესაბამისი ბრძანება უნდა მივცეთ კომპიუტერის ე.წ. BIOS-ს. ეს არის ასე ვთქვათ, "გამშვები პროგრამა", რომელიც კომპიუტერის ბევრ პარამეტრს განსაზღვრავს, მათ შორის იმას, თუ რომელ მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამა გაეშვება პირველი და რომელი _ მის შემდეგ. აი ამ BIOS-ში ჩვენ უნდა მივუთითოთ, რომ პირველი გაეშვას CD-ზე (ან "ფლეშკაზე") ჩაწერილი პროგრამა.

იმისთვის, რომ BIOS-ს ასეთი მითითება მივცეთ, საჭიროა კომპიუტერის ჩართვისას გადავიყვანოთ კომპიუტერი BIOS-ის პარამეტრების შეცვლის რეჟიმში. ამისთვის ყურადღებით უნდა იყოთ კომპიუტერის ჩართვისას: სულ დასაწყისში, რამოდენიმე წამით ეკრანზე იწერება, თუ რომელ კლავიშს უნდა დააჭიროთ ამისთვის.

ჩართეთ კომპიუტერი და მიაქციეთ ყურადღება, რა იწერება შავ ეკრანზე. უნდა დაინახოთ რაღაც ამის მსგავსი წარწერა:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარწერის პირველი ნაწილი: 

Press F2 to enter SETUP 

ეს წარწერა ნიშნავს, რომ თუკი დავაჭერთ კლავიატურაზე F2 კლავიშს, გადავალთ BIOS-ის "აწყობის" (ანუ პარამეტრების განსაზღვრის) რეჟიმში. ჩვენ სწორედ ეს გვინდა. მაგრამ, ყურადღებით! არ არსებობს ერთიანი სტანდარტი იმისთვის, თუ რომელ კლავიშზე დაჭერა გადაგვიყვანს ამ რეჟიმში. ამიტომ ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ, რა კლავიშია მითითებული მსგავს წარწერაში თქვენი კომპიუტერის ეკრანზე! სამწუხაროდ ამისთვის ცოტა დრო გაქვთ - წარწერა სულ რამოდენიმე წამში გაქრება და კომპიუტერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მყარი დისკიდან ჩატვირთვას.

თუ თქვენ საჭირო კლავიშის დაჭერა ვერ მოასწარით და კომპიუტერი ჩვეულებრივად ჩაიტვირთა, უბრალოდ გამორთეთ იგი და ჩართეთ ხელახლა. შეეცადეთ ამჯერად უფრო ყურადღებით იყოთ და ზემოთ მოყვანილი წარწერის გაჩენიდან არა უგვიანეს 10 წამისა დააჭიროთ იმ კლავიშს, რომელსაც წარწერა მიუთითებს.

თუ თქვენ მოასწარით BIOS-ის აწყობის რეჟიმზე გადასვლა, გაიხსნება დაახლოებით ასეთი ეკრანი:



ამ რეჟიმში მაუსი არ მუშაობს. მენიუების აქტივაცია ხდება კლავიატურის საშუალებით. ეკრანის ქვედა ნაწილში და მარჯვენა ნაწილში მითითებულია, თუ რომელი კლავიშის დაჭერა რას იწვევს. ისრებიანი კლავიშების საშუალებით გადადით Boot მენიუში (სურათზე ის გააქტიურებულია)

თუ თქვენ გინდათ, რომ კომპიუტერი CD დისკიდან ჩაიტვირთოს, მაშინ თქვენ გჭირდებათ ეკრანის მარცხენა ფანჯარაში ჩამოთვლილი მოწყობილობები გადაანაცვლოთ ისე, რომ წარწერა CD-ROM drive ყველაზე ზემოთ, პირველ ხაზში აღმოჩნდეს (როგორც ეს სურათზეა). როგორც წესი, ამისთვის უნდა გამოიყენოთ ისრები ან + და - კლავიშები.

თუ თქვენ გინდათ, რომ კომპიუტერი ჩაიტვირთოს "ფლეშკიდან" (იგი კომპიუტერზე შეერთებული უნდა იყოს!), მაშინ ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა დატოვოთ Hard Drive, გაააქტიუროთ იგი და დააჭიროთ Enter კლავიშს - გაიხსნება შესაძლო Hard drive-ების ჩამონათვალი. აი აქ უნდა გადაიყვანოთ ეს ჩვენი "ფლეშკა" ანუ USB device ყველაზე ზემოთ, პირველ ხაზზე. ამის შემდეგ Esc კლავიშით დაბრუნდით Boot რეჟიმში.

BIOS-დან გამოსასვლელად გჭირდებათ Save and Exit. წაიკითხეთ ეკრანის ქვედა ნაწილში, რომელი კლავიშით მიაღწევთ ამას. BIOS-ეკრანი გაქრება და დაიწყება კომპიუტერის გარე დისკიდან ჩატვირთვა.

ზოგი კომპიუტერის საწყისი მენიუ აწყობილია ისე, რომ ჩატვირთვის მოწყობილობის არჩევა შესაძლებელია BIOS-ში შესვლის გარეშე. თუ დავაკვირდებით ზემოთ შავ ეკრანზე მოყვანილ წარწერას, მისი ბოლო ნაწილი ასეთია:

ESC for Boot Menu 

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი წარწერის გამოჩენის შემდეგ თქვენ Esc კლავიშს დააჭერთ, ეკრანზე გამოჩნდება მარტივი მენიუ, რომელიც აგარჩევინებთ, თუ რომელი მოწყობილობიდან გინდათ ჩაიტვირთოს კომპიუტერი - მყარი დისკიდან თუ CD-ROM-დან. სამწუხაროდ "ფლეშკის" არჩევა ამ მენიუებში როგორც წესი შეუძლებელია. ასე რომ კომპიუტერის "ფლეშკიდან" ჩასატვირთად BIOS-ში შესვლა აუცილებელია.

No comments:

Post a Comment