ლინუქსის ბრძანებები

ქვემოთ აღწერილ ბრძანებებს კომპიუტერი შეასრულებს ლინუქსის ტერმინალის ფანჯარაში მისი ჩაწერის და კლავიატურის Enter კლავიშის დაჭერის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია: ზუსტად დაიცავით ბრძანების სინტაქსი! არ დაუმატოთ მძიმეები, წერტილები ან სხვა სასვენი ნიშნები. დიდი ასოები გამოიყენეთ მხოლოდ იქ, სადაც მითითებულია. ბრძანების და მისი არგუმენტების დასაშორებლად გამოიყენება მხოლოდ ინტერვალი! მიაქციეთ ყურადღება, რომ ინტერვალი სხვაგან არ გამოიყენოთ. თუ ფაილის ან დირექტორიის დასახელება შეიცავს ინტერვალს, ჩასვით ეს დასახელება (მთლიანად) ბრჭყალებში.

გამოსადეგი შემოკლებები (გამოიყენება ბრძანებების არგუმენტებში):
.                 მიმდინარე დირექტორია
..                მიმდინარე დირექტორიის დედა-დირექტორია
~                მომხმარებლის საწყისი დირექტორია (როგორც წესი, მისი აბსოლუტური მისამართია /home/username (username-ს მაგივრად იწერება მომხმარებლის სახელი))
/                "საძირკველი" დირექტორია (root directory)
*                ნებისმიერი რაოდენობის ასო-ციფრი-ნიშანი (გარდა ფრჩხილების, ბრჭყალების და ინტერვალისა),
?                ერთი ასო-ციფრი-ნიშანი (გარდა ფრჩხილების, ბრჭყალების და ინტერვალისა)


ბრძანებები:
(იტალიკით დაწერილი ტექსტი ჩაანაცვლეთ კონკრეტული დასახელებით ან მისამართით)

cd dir          გადადი dir დირექტორიაში (თუ dir მითითებული არ არის, გადავა  მომხმარებლის საწყის (~) დირექტორიაში);
chmod a+x file     მიეცი ყველა მომხმარებელს file ფაილის (ან დირექტორიის) გაშვების უფლება;
chmod a+w file    მიეცი ყველა მომხმარებელს file ფაილის (ან დირექტორიის) შეცვლის უფლება;
chmod a+r file    მიეცი ყველა მომხმარებელს file ფაილის (ან დირექტორიის) წაკითხვის უფლება;
თუ ფაილის (დირექტორიის) შეცვლის უფლება თქვენ მანამდე არ გქონდათ, chmod ბრძანება საჭიროებს ადმინისტრატორის (root) პრივილეგიებს;
cp file dir     ჩაწერე file-ის ასლი dir დირექტორიაში. თუ ამ დირექტორიაში ამავე დასახელების (მაგრამ სხვა შინაარსის) ფაილი უკვე არსებობდა, ის გაქრება. თუ დირექტორია dir არ არსებობს, ბრძანება არ შესრულდება.
ამ ბრძანებაში შეიძლება ერთდროულად რამოდენიმე ფაილიც მიუთითოთ (დასახელებები უნდა დაშორდეს ინტერვალით). ყველა ჩაიწერება dir დირექტორიაში;
cp file1 file2  შექმენი file1-ს ასლი და დაარქვი მას file2. შედეგი იქნება ორი ერთნაირი შემცველობის ფაილი დასახელებებით file1 და file2. თუ მანამდე სხვა შინაარსის file2 ამ მისამართზე არსებობდა, ის გაქრება;
cp dir1 dir2   იმის მიხედვით, არსებობს თუ არა dir2 დირექტორია, ამ ბრძანებას განსხვავებული შინაარსი აქვს:
- თუ dir2 არსებობს, ბრძანება ნიშნავს: შექმენი dir1-ის ასლი dir2 დირექტორიაში. ანუ შეიქმნება dir2-ის ქვედირექტორია dir1 (მთელი თავისი შემცველობით). თუ ასეთი დასახელების (და განსხვავებული შინაარსის) ქვედირექტორია უკვე არსებობდა, ის გაქრება;
- თუ dir2 არ არსებობს, ბრძანება ნიშნავს: შექმენი dir1-ის ასლი და დაარქვი მას dir2 ;
exit             გამოდი ტერმინალიდან (და გადადი გრაფიკულ ინტერფეისში);
fdisk -l       ჩამოწერე არსებული დისკების და მათი დანაყოფების პირობითი მისამართები (ეს ის მისამართებია, რომელიც mount ბრძანებაში გამოიყენება). საჭიროებს ადმინისტრატორის (root) პრივილეგიებს;
ls                ჩამოწერე მიმდინარე დირექტორიის შემადგენლობა (არ აჩვენებს დამალულ ფაილებს);
ls -a            ჩამოწერე მიმდინარე დირექტორიის შემადგენლობა სრულად (აჩვენებს დამალულ ფაილებს);
ls -l             ჩამოწერე მიმდინარე დირექტორიის შემადგენლობა გრძელ ფორმატში;
lshw           ჩამოწერე ამ კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების დეტალური აღწერა;
man command  მაჩვენე ბრძანება command-ის აღწერა მანუალში;
q       გამოდი მანუალიდან (და დაბრუნდი ტერმინალის ბრძანებების რეჟიმში);
mkdir dir    შექმენი დირექტორია dir (თუ ახალი დირექტორიის მისამართი მითითებული არ არის, შეიქმნება მიმდინარე დირექტორიის ქვე-დირექტორია dir);
mount /dev/sdxn dir  მიამაგრე დისკი ან მისი ნაწილი, რომლის პირობითი მისამართია /dev/sdxn (აქ უნდა ჩაიწეროს ის პირობითი მისამართი, რომელიც fdisk ბრძანების ან Gparted პროგრამის საშუალებით გაირკვევა) ფაილების სისტემას, dir დირექტორიის ქვედირექტორიად. საჭიროებს ადმინისტრატორის (root) პრივილეგიებს;
mv file dir     გადაიტანე file დასახელების ფაილი dir დირექტორიაში. თუ ასეთი დასახელების (მაგრამ სხვა შინაარსის) ფაილი უკვე არსებობდა, ის გაქრება. თუ დირექტორია dir არ არსებობს, ბრძანება არ შესრულდება;
mv file1 file2    გადააწერე file1 file2-ს. შედეგი იქნება ფაილი, რომლის დასახელება შეესაბამება file2-ს, შემადგენლობა კი - file1-ს. თუ file2 დასახელების (მაგრამ განსხვავებული შინაარსის) ფაილი ამ მისამართზე უკვე არსებობდა, ის გაქრება;
mv dir1 dir2    იმის მიხედვით, ბრძანების მომენტისთვის არსებობს თუ არა dir2 დირექტორია, ამ ბრძანებას განსხვავებული შინაარსი აქვს:
- თუ dir2 არსებობს, ბრძანება ნიშნავს: გადაიტანე dir1 დირექტორია dir2-ში. ანუ dir1 (მთელი თავისი შემადგენლობით) გახდება არსებული dir2 დირექტორიის ქვედირექტორია;
- თუ dir2 არ არსებობს, ბრძანება ნიშნავს: დაარქვი dir1-ს dir2.
pwd            დაწერე მიმდინარე დირექტორიის მისამართი
rm file        წაშალე file დასახელების ფაილი. თუ ფაილის მისამართი დაზუსტებული არ არის, წაიშლება ამ დასახელების ფაილი მიმდინარე დირექტორიაში;
rm *           წაშალე ყველა ფაილი მიმდინარე დირექტორიაში;
rm -r *         წაშალე მიმდინარე დირექტორიის ყველა ფაილი და ყველა ქვედირექტორია (მათი შემცველობითურთ);
rmdir dir      წაშალე დირექტორია dir.  წასაშლელი დირექტორია არ უნდა იყოს მიმდინარე დირექტორია. ეს ბრძანება შლის მხოლოდ ცარიელ დირექტორიებს.
sudo command   დროებით მომეცი ადმინისტრატორის (root-ის) უფლებები command ბრძანების შესასრულებლად (command ბრძანება იწერება სრულად, არგუმენტებიანად). კომპიუტერი მოგთხოვთ თქვენს (და არა ადმინისტრატორის) პაროლს (შეყვანისას პაროლი არ გამოჩნდება). თუ პაროლი სწორია, command ბრძანება შესრულდება, თუ არასწორია - არ შესრულდება (შეტყობინება იმის შესახებ, რომ პაროლი არასწორია არ დაიწერება).
თუ პაროლი სწორად შეიყვანეთ, შემდეგი 15 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ sudo ბრძანება პაროლის გარეშე გამოიყენოთ. ამის შემდეგ კომპიუტერი კვლავ მოგთხოვთ თქვენს პაროლს. და ა.შ.
touch file    შექმენი ფაილი დასახელებით file. შექმნის ცარიელ ფაილს


სასარგებლო რესურსები:




14 comments:

  1. ყოჩაღ! ძალიან კარგი "შპარგალკაა"!
    განსაკუთრებით დამწყებთათვის :)

    დიდი მადლობა და წარმატებები!

    ReplyDelete
  2. გამარჯობა
    ძალიან გთხოვთ დაწერეთ სხვა ბრძანებებიც , ასევე სხვადასხვა დისტროებისთვის განკუთვნილი ბრძანებები
    კარგი იქნება თუ უმრავლესობა ბრძანებებს დაწერთ და განმარტებები იქნება მათი ქართულად :)
    ასეთი რამ არ არის არსად და ძალიან ცუდია როდესაც ყველა ბრძანება ან უმრავლესობა არ არის ქართულად განმარტებული
    მადლობა წინასწარ !

    ReplyDelete
  3. უი, რადგან მოთხოვნა არის, ნელ-ნელა გავაგრძელებთ ბრძანებების აღწერას ქართულად! (გამოხმაურება რომ არ იყო, მე მეგონა არავის ჭირდებოდა ეს აღწერა)

    ხო ისე, ვინაიდან ბრძანებები ბევრია, კარგი იქნება, თუ გვიკარნახებთ, რომელი ან რა ტიპის ბრძანებებით გინდათ დავიწყოთ...

    ReplyDelete
  4. ყველა დისტროსთვის დაწერეთ რაც კი არის ინგლისურად და რასაც მოახერხებთ ის თარგმნეთ და რასაც ვერ მოახერხებთ ის დატოვეთ ინგლისურად :)
    მადლობა წინასწარ :)
    მოთხოვნა უფრო მეტად გაჩნდება ძალიან მალე და რაც მეტი იქნება ლინუქსზე დაწერილი მით უკეთესი იქნება :)
    კარგი ბლოგია და წარმატებები !

    ReplyDelete
  5. მშვენიერი ბლოგია!
    ახლა ჩაინიკური კითხვა: კოპი-ფეისტებით დირექტორიიდან დირექტორიაში გადატანა არ ხდება ლინუქსში?
    http://soft.softodrom.ru/ap/Fedora-Linux-p1639
    ფედორას ამ ვერსიაზე რას იტყვით, დასაწყისისთვის ღიირს ამის მოსინჯვა?

    მადლობა წინასწარ!

    ReplyDelete
  6. როგორც წესი,ფაილების მენეჯერიდან კოპი-პეისტით გადატანაც მუშაობს და უბრალოდ ”მოკიდება და გადათრევაც”.უბრალოდ, ზოგ ფაილების მენეჯერი ორჯერ უნდა გახსნა. ერთში გადახვალ იმ დირექტორიაზე, საიდანაც გინდა აიღო ფაილი. მეორეში - იმაზე, სადაც მიგაქვს. ეს ფანჯრები ჯობს ერთმანეთის გვერდზე გქონდეს დესკტოპზე და უბრალოდ ”გადაათრიო” ფაილი ერთი ფანჯრიდან მეორეში.

    ფედორაზე მე ვერ გიპასუხებ - მაგეების "ასი" თემურია (NorwayFun). გამოგეხმაურება იმედია

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა ლია!
    პაპი ჩვეულებრივი ლინუქსია ხო?! ძველ კომპზე თუ მოხერხდება მაგისი დაყენება?
    კომპს ვიყენებთ მხოლოდ ინტერნეტის, ვორდ ფაილების და პიკასასთვის.
    ან რამე ისეთი მირჩიეთ ამ მინიმალურ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს.

    ReplyDelete
  8. მე ეხლა პაპი ორ ძველ მომაკვდავ ლაპტოპზე მიყენია, რომლების გადაგდებაც მენანება (მუშაობს და...). რეპოზიტორებში აბანტუს მთელი საწყობი აქვს და რასაც გინდა დაიმატებ. ვორდ ფაილებს აბივორდ პროგრამა კითხულობს, მაგრამ ძაან დეტალურად არ გავრკვეულვარ, რა შესაძლებლობები აქვს და რა არა (ვორდს ძირიტადად სამსახურში ვიყენებ და იქ ვინდოუსი აყენია. პიკასა რა პროგრამაა, არ ვიცი.

    ორი სპეციფიკა აქვს პაპის:
    1. დეფოლტად მომხმარებელს root-ად აღგიქვამს. დიდი დისკომფორტი ეს არაა, მარა ნუ ცოტა ფრთხილად უნდა იყო;
    2. აბსოლუტურად ვერ იტანს კომპიუტერის დენიდან გამორთვას - აუცილებლად უნდა დააშათდაუნო, თორე ჭკუაზე გადადის.

    სხვა მხრივ ძალიან კომფორტული საოპერაციო სისტემაა. პატარა და კომპაქტური.

    და, ნუ, კიდევ ერთი - ყველა ლინუქსი მეტ დენს ჭამს ვიდრე ვინდოუსი. ამიტომ ლაპტოპის აკუმულატორი უფრო მალე ჯდება.

    ReplyDelete
  9. მინდა ჩემს კომპიუტერზე დავაყენებინო ლინუქსი. ვის შეიძლება მივმართო? ან რა დაჯდება ეს სიამოვნება? დათო შენგელია shengelia.david@yahoo.com

    ReplyDelete
  10. ლია თოდუაDecember 21, 2011 at 12:55 AM

    დათო, ამ ბლოგზე არის დეტალური განმარტებები, როგორ დაიყენო ლინუქსი შენ თვითონ. სცადე და თუ კითხვები გექნა, შევეცდები გიპასუხო (მე უბუნტუს ვხმარობ ძირითადად).

    თუ მაინც გინდა რომ ვინმეს დააყენებინო, თბილისის ფორუმზე (http://forum.ge/?showforum=24)დაწერე და შეიძლება მოინდომოს ვინმემ შეკვეთის აღება.

    ReplyDelete
  11. didi madloba dzalian damexmaret...

    ReplyDelete
    Replies
    1. ანონიმოუს. ეს სახელი ძაან მეცნობა შემთხვევით ალიკა ხომ არ ხართ? :)

      Delete
  12. mudam moxaruli var saqartveloshi linuqsis windousis da saertod texnikis ganvitarebas

    ReplyDelete