თქვენ შეიძლება მოგიკრავთ ყური იმისთვის, რომ "ლინუქსის მოხმარება რთულია, რადგან რაღაც "მანქანური ენა" უნდა იცოდე. აი ვინდოუსი და მაკი კი იოლია - იქ ყველაფერი ღილაკებით და მენიუებით კეთდება". ეს სიცრუეა.
თანამედროვე ლინუქსებსაც ისეთივე სამომხმარებლო გრაფიკული გარემო (უფრო სწორად - სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისი, GUI) აქვთ, როგორიც ვინდოუსს და მაკს: ფერადი ეკრანი ზედ გამოსახული რამოდენიმე ღილაკით, რომელთა "დაწკაპუნებით" იხსნება მენიუები, ქვემენიუები და ა.შ. აქ პოულობ შენთვის სასურველ პროგრამას, "დაწკაპავ" მასზე, იხსნება და მერე მუშაობ მასში. ეს ყველაფერი ჩვეულებრივია.
თუმცა, დამატებით, ლინუქსს მართლა აქვს კომპიუტერთან "მანქანურ ენაზე" საუბრის საშუალება. ამისათვის უნდა გადახვიდე შესაბამის პროგრამაში. როგორც წესი, ამ პროგრამას ჰქვია "ტერმინალი" (Terminal). მენუებში ამ პროგრამას თუ მოძებნით და "დაწკაპავთ", გაიხსნება ცარიელი "ფანჯარა", ყოველგვარი ღილაკების გარეშე (მარტო ფანჯრის ზომის რეგულირების და დახურვის ღილაკებია). იოლად შეამჩნევთ, რომ "ფანჯარაში" კურსორი ციმციმებს და კლავიატურის საშუალებით შესაძლებელია ტექსტის შეყვანა. მაუსის საშუალებით კურსორის გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა მაუსი მაინც გამოსადეგია - მისი საშუალებით შესაძლებელია ტექსტის მონიშვნა და დაკოპირება.
ტერმინალი არც ისეთი საშიში პროგრამაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ: შეგიძლიათ თავისუფლად წეროთ, წაშალოთ და ისევ დაწეროთ რა ტექსტიც გინდათ _ სანამ კლავიატურაზე Enter ღილაკს არ დააჭერთ, საერთოდ არაფერი არ მოხდება. გარდა ამისა, ტერმინალი რეაგირებს მხოლოდ წინასწარ დადგენილ ბრძანებებზე. თან ეს ბრძანება ზუსტად და ყველა წესის დაცვით უნდა იქნეს დაწერილი. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დაიწერება: Command not found. აი, სცადეთ: გახსენით ტერმინალი, ჩაწერეთ abrakadabra და დააჭირეთ Enter ღილაკს. რა დაიწერა? abrakadabra: command not found . ანუ ბრძანებების ჩამონათვალში ასეთი არ არისო. არაფერი არ დაზიანებულა.
ასე რომ ნუ გეშინიათ. ტერმინალში რაიმეს დაზიანება საკმაოდ რთულია.
შემდეგ პოსტებში ნელ-ნელა გავარჩევთ ძირითად ბრძანებებს.
No comments:
Post a Comment