Monday, April 11, 2011

ინტერნეტ-საწყობის გარე პროგრამის დაყენება

ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში ("რეპოზიტორებში") ათობით ათასი პროგრამაა. და მათი დაყენება საკმაოდ იოლია (იხ ეს პოსტი და ეს პოსტი). თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ლინუქსის ოპერაციული სისტემისთვის არის გამიზნული, სხვადასხვა მიზეზების გამო ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში არ მოხვდა. არ იდარდოთ - მათი დაყენება ლინუქსზე მაინც შესაძლებელია.

იწყებთ იმით, რომ საინსტალაციო პაკეტს (ფაილს) ჩამოტვირთავთ ან სხვაგვარად გადმოიწერთ თქვენს კომპიუტეში. აი, ამის შემდეგ კი სამწუხაროდ ერთიანი წესი აქ არ არსებობს. პაკეტები სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს და მათი დაყენებაც სხვადასხვანაირად ხდება. კერძოდ, დასაყენებელი პროგრამის პაკეტი (ფაილი) შეიძლება იყოს:
  1. თვითინსტალირებადი პაკეტი;
  2. პაკეტი, რომელიც შეიცავს თავისი დაყენების ინსტრუქციას;
  3. პაკეტი, რომელიც არ საჭიროებს "ინსტალაციას" (საკმარისია მისი კოპირება კონკრეტულ დირექტორიაში)
  4. პაკეტი, რომელიც ყენდება ტერმინალიდან სტანდარტული ინსტალაციით;
  5. პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ე.წ. "წყაროს კოდს" (source code) და ინსტალაციამდე საჭიროებს კომპილაციას.
იმისთვის, რომ გაარკვიოთ, კერძოდ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, პირველ რიგში ყურადღებით დაათვალიერეთ ის ვებ-გვერდი, საიდანაც აპირებთ ჩამოტვირთოთ ფაილი - როგორც წესი, მასზე არის მითითება, თუ ინსტალაციის რომელი ხერხი უნდა გამოიყენოთ. 

1. თვითინსტალირებადი პაკეტია მაგალითად www.opera.com საიტიდან ჩამოტვირთული Opera-ს საინსტალაციო ფაილი ლინუქსისთვის. მის დასაყენებლად უბრალოდ უნდა მოძებნოთ ჩამოტვირთული ფაილი (სავარაუდოდ /home/username/Downloads დირექტორიაში) და გახსნათ იგი (ანუ ორჯერ დაწკაპოთ მასზე ან დაწკაპოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიოთ open). დანარჩენი ავტომატურად ხდება - შეიძლება რამოდენიმე კითხვაზე მოგიწიოთ პასუხის გაცემა და სულ ეგაა - Opera თქვენ კომპიუტერზე დაყენებულია.

2. საინსტალაციო პაკეტს შეიძლება ახლდეს (ან მასში იყოს) ტექსტური ფაილი დასახელებით README ან Howtoinstall ან Install ან რამე მსგავსი, რომელშიც მოცემული იქნება პაკეტის ინსტალაციის ინსტრუქცია. მოძებნეთ ასეთი ფაილი და თუ ის არის, მიჰყევით ინსტრუქციას.

3. ინსტალაციას არ საჭიროებს მაგალითად Adobe Flash Player-ის ლინუქსზე დასაყენებელი ფაილი. ჩამოსატვირთ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ პაკეტი  წარმოადგენს არქივს, რომელიც იხსნება ფაილად (არქივის გასახსნელი ბრძანებები იხ. ქვემოთ), რომელიც უბრალოდ უნდა ჩაიწეროს კონკრეტულ დირექტორიაში და კომპიუტერი გადაიტვირთოს. სულ ესაა. პროგრამა ამუშავდება.

4. თუ საინსტალაციო პაკეტს ახსნა-განმარტებები არსად მოჰყვა და უბრალო გახსნით ის არ ყენდება, მაშინ სცადეთ მისი დაყენება ტერმინალიდან. ამისთვის გამოიყენება შემდეგი ბრძანებები:

დებიანსა და აბანტუში:

sudo dpkg --install filename 
(სადაც filename მაგივრად იმ კონკრეტული ფაილის დასახელება უნდა ჩაწეროთ, რომელსაც აყენებთ. გაითვალისწინეთ: დებიანზე და აბანტუზე დასაყენებელი ფაილის  დასახელება .deb - ით უნდა თავდებოდეს)

ფედორა/რედ ჰატში:

sudo rpm -ivh filename 
(სადაც filename მაგივრად იმ კონკრეტული ფაილის დასახელება უნდა ჩაწეროთ, რომელსაც აყენებთ. გაითვალისწინეთ: ამ შემთხვევაში ფაილის დასახელება arch.rpm -თი უნდა თავდებოდეს. თუ ფაილის დასახელება თავდება src.rpm-თი, მაშინ წინასწარ უნდა გამოიყენოთ ბრძანება sudo rpmbuild --rebuild filename რომლის შედეგადაც შეიქმნება თქვენთვის საჭირო arch.rpm-თი დაბოლოებული ფაილი)

ორივე შემთხვევაში კომპიუტერი მოგთხოვთ პაროლს. შეიყვანეთ ის (შეყვანილი პაროლი არ გამოჩნდება). ამის შემდეგ კომპიუტერმა შეიძლება დაწეროს, რომ ამ პროგრამის დასაყენებლად სხვა პროგრამებია საჭიროო. თუმცა რეპოზიტორიდან დაყენებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ამ პროგრამებს თვითონ არ მოძებნის და მათ დაყენებას არ შემოგთავაზებთ _ მან ხომ უბრალოდ არ იცის სად ეძებოს! ამიტომ ის დამატებითი პროგრამები ისევ თქვენ უნდა მოძებნოთ, ჩამოტვირთოთ და იგივე წესით დააყენოთ. სამწუხარო ის არის, რომ იმათ დაყენებასაც შეიძლება წინაპირობები ჰქონდეს და შესაბამისად კიდევ სხვა ფაილები გქონდეთ საძებნელი. მოკლედ, იოლი არაა. ამ სიტუაციას  ლინუქსელებმა "პაკეტების ჯოჯოხეთი" (package hell) შეარქვეს.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მომენტია საყურადღებო: თუ თქვენ ამ პროგრამის სხვა ვერსია უკვე გიყენიათ, აღწერილი ბრძანებები ახალ ვერსიას არ დააყენებს. იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი ვერსია მაინც დააყენოთ, ან ჯერ ძველი ვერსია უნდა "ამოაინსტალიროთ", ან გამოიყენოთ ბრძანებები, რომელიც კომპიუტერს მიუთითებს, რომ თქვენ უკვე არსებული პროგრამის უფრო ახალი (ან უფრო ძველი) ვერსიის დაყენება გინდათ.

ძველი ვერსიის "ამოსაინსტალირებლად" გამოიყენეთ შემდეგი ბრძანებები:

დებიანსა და აბანტუში:

sudo dpkg -r filename
(filename-ს მაგივრად უნდა იყოს იმ ძველი ვერსიის დასახელება)

ფედორა/რედჰატში:

sudo rpm -e filename
(აქაც filename-ს მაგივრად უნდა იყოს იმ ძველი ვერსიის დასახელება)

პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება პროგრამების მოშორებაზე კომპიუტერმა უარი გითხრათ იმის გამო, რომ ეს პროგრამა სხვა პროგრამებთან არის გადაჯაჭვული და იმათ სჭირდებაო. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ "ამოინსტალირების" ბრძანებაში ყველა ეს ურთიერთდამოკიდებული პროგრამა მიუთითოთ (დასახელებებს შორის ჩასვით უბრალოდ ინტერვალი) და კომპიუტერი მათ ყველას ერთად მოაშორებს.

იმისთვის, რომ დაკავშირებული პროგრამების მოშორების პრობლემა აიცილოთ (და აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ არ იცით ძველი ვერსიის ზუსტი დასახელება და ადგილმდებარეობა), შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანებები, რომელიც კომპიუტერს მიუთითებს, რომ პროგრამის არსებული ვერსია უფრო ახლით შეცვალოს. ამისთვის ფედორასა ან რედ-ჰატში შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ბრძანება:

sudo rpm -Uvh filename 
(filename-ს მაგივრად მიუთითეთ ახალი ფაილის დასახელება)

სხვათა შორის ეს ბრძანება შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ ხართ დარწმუნებული ძველი ვერსია საერთოდ აყენია კომპიუტერზე თუ არა - თუ აყენია, ამ ბრძანების შედეგად ის განახლდება, თუ არ აყენია, პროგრამა უბრალოდ დაყენდება.

თუ რაიმე მიზეზის გამო კომპიუტერში პროგრამის უფრო ახალი ვერსია გიყენიათ და გინდათ უფრო ძველით შეცვალოთ, მაშინ გამოიყენეთ ასეთი ბრძანება:

sudo rpm -Uvh filename --oldpackage
(filename-ს მაგივრად მიუთითეთ ახალი ფაილის დასახელება).

5. თუკი პროგრამას მისი "წყაროს კოდიდან" (source code) აყენებთ, კარგი აქ ის არის, რომ ფაილების გაფართოვებას (ანუ .deb ან .rmp ან სხვა დაბოლოებას) მნიშვნელობა არ აქვს - კომპილაციის დროს შეიქმნება ისეთი ფაილები, რომელიც ამ კონკრეტულ ლინუქსს მოერგება. სამაგიეროდ პროგრამის დასაყენებლად საჭიროა რამოდენიმე სტადიის გავლა:

პირველ რიგში, ვინაიდან როგორც წესი საქმე გაქვთ არქივთან, უნდა გახსნათ იგი. თუ filename ფაილის დასახელება თავდება tar.bz2-ით არქივი იხსნება ასეთი ბრძანებით:

tar jxvf filename


თუ ფაილის დასახელება თავდება tar.gz-თი, არქივის გასახსნელად საჭიროა ასეთი ბრძანება:

tar zxvf filename


ორივე შემთხვევაში შეიქმნება დირექტორია, რომლის დასახელებაა filename. გადადით ამ დირექტორიაში, ანუ

cd filename

და მიეცით ბრძანება:


./configure


შემდეგ მიეცით ბრძანება:


make

და შემდეგ:

make install

ამის შედეგად თქვენი პროგრამა უნდა დაყენდეს


No comments:

Post a Comment