ალბათ დამეთანხმებით, რომ ვინდოუსის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი თვისება მისი ვირუსები და ანტივირუსებია. თითქოს სულ ფრონტის ხაზზე ხარ - სულ იმის მოლოდინში ხარ, რომ ახალი ვირუსი დაგინგრევს სისტემას და სულ ახალ დამცავ საშუალებებს ეძებ. თითქოს მოძებნე ეფექტური ანტივირუსი და შეეგუე იმას, რომ ის შენი კომპიუტერის სიმძლავრის ნაწილს სრულიად ფუჭად "ჭამს", რომ უცებ აღმოაჩენ, რომ ის უკვე უძლურია და ახალი, უფრო მძლავრი დამცავი სისტემა გჭირდება. და ასე უსასრულოდ.
ანტივირუსების გასაჭირის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ანტივირუსის ვინდოუსიდან გაშვებისას იგი "ცოცხალ", "მოქმედ " ვირუსებს ებრძვის. და ახალი ვირუსები კი სპეციალურად აგებულნი არიან ისე, რომ ანტივირუსებს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ მისცენ - ალბათ აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა ანტივირუსი უსასრულოდ "გაიძახის" დავირუსებული ფაილი აღმოვაჩინეო, მის გაწმენდას ან განადგურებას კი ვერ ახერხებს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციაში ლინუქსს შეუძლია ვინდოუსს დაეხმაროს. იმის გამო, რომ იგი სრულებით განსხვავებული საოპერაციო სისტემაა, ვინდოუსის ვირუსები ლინუქსზე არ მოქმედებს, ლინუქსში ისინი უბრალოდ "მკვდარი" ფაილებია. ასე რომ თუ იგივე ანტივირუსს ლინუქსიდან გავუშვებთ, ის ვირუსებს უფრო იოლად აღმოაჩენს და გაანადგურებს.
ეს გვაძლევს საშუალებას ვინდოუსიანი კომპიუტერი ვირუსებისგან გავწმინდოთ ან ამ კომპიუტერშივე, ვინდოუსის "გვერდზე" დაყენებული ლინუქსის, ან გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსის საშუალებით (აქ იგულისხმება USB დისკზე დაყენებული ლინუქსი, რადგან ლინუქსის Live-CD ახალი პროგრამების დამატების საშუალებას როგორც წესი არ იძლევა).
იმისთვის, რომ ლინუქსი ვინდოუსის გასაწმენდად გამოიყენოთ, პირველ რიგში მასზე უნდა დააყენოთ შესაბამისი ანტივირუსი (ანუ ანტივირუსი, რომელიც ეშვება ლინუქსიდან მაგრამ ეძებს ვინდოუსის ვირუსებს). ასეთები ბევრია: Avast, AVG, Avira, Clam, F-Prot, Xfprot, Moon, Panda და სხვა. ისინი ლინუქსზე ყენდება ჩვეულებრივად, როგორც ნებისმიერი ახალი პროგრამა (იხ. ეს პოსტი). ამის შემდეგ უნდა"მიამაგროთ" ვინდოუსით დაკავებული დისკი ან დისკის ნაწილი ლინუქსს (იხ. ამ პოსტის მეორე ნახევარი) და ანტივირუსი ამ "მიმაგრებულ" დირექტორიაზე გადაატაროთ.
ამ პოსტში დეტალურად აღწერილია ეს პროცედურები ლინუქსის ერთი სიმპათიური პატარა დისტრიბუციისთვის, ე.წ. "ლეკვი-ლინუქსისთვის" (Puppy-linux).
No comments:
Post a Comment