Sunday, April 10, 2011

ორიენტაცია კომპიუტერში. მისამართები

ლინუქსი და ვინდოუსი კომპიუტერის "შინაგან აგებულებას" სხვადასხვანაირად აღიქვამს. მოდით, გავერკვეთ ამაში.

მოძებნეთ მენიუებში ფაილების მენეჯერი (File manager). გახსენით და ერთად "დავათვალიეროთ" კომპიუტერი შიგნიდან.

პირველი, რასაც შეამჩნევთ - აქ არ არის C დისკი, D დისკი და გარე დისკები (მაგალითად CD ან "ფლეშ"-დისკი). ლინუქსი მთელ კომპიუტერს აღიქვამს ერთიან დიდ საქაღალდედ, ე.წ."საძირკველ" (root) დირექტორიად, რომელსაც ბევრი ქვედირექტორიები გააჩნია. კომპიუტერზე მიერთებული გარე დისკები აგრეთვე ამ "საძირკველის" ქვედირექტორიები ხდებიან.

"საძირკველი" (root directory) აღინიშნება / ნიშნით. სცადეთ: ფაილების მენეჯერში, ან ტერმინალში - გადადით / დირექტორიაში. შემდგ კი სცადეთ მის დედა-დირექტორიაში გადასვლა (იხ. ტემინალის ბრძანებები). არაფერი გამოვა - საძირკველი ყველაზე მაღალი დონის დირექტორიაა. მისი დედა-დირექტორია არ არსებობს.

/ ნიშანი ლინუქსში ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. განმარტოებით მდგომი იგი საძირკველს აღნიშნავს. რაიმე სხვა დირექტორიის დასახელების შემდეგ კი იგი ამ დირექტორიის ქვედირექტორიას აღნიშნავს.

მოდით, გავერკვეთ ამაში. დაათვალიერეთ საძირკველის შემადგენლობა ფაილების მენეჯერში და მოძებნეთ დირექტორია home. გადადით ამ დირექტორიაში. მიაქციეთ ყურადღება, რა მისამართი დაიწერა ფაილების მენეჯერის მისამართების ხაზზე: /home . ანუ თქვენ ეხლა ათვალიერებთ საძირკველის ქვედირექტორიას დასახელებით home .

home დირექტორიაში მოძებნეთ თქვენი სახელის მატარებელი დირექტორია და გადადით მასში. მისამართების ხაზზე დაიწერება /home/username (ოღონდ username-ს მაგივრად თქვენი სახელი ეწერება). გააგრძელეთ დირექტორიებში "ძრომიალი" და დააკვირდით მისამართების ხაზს. ყველა დირექტორიის მისამართი იწყება / ნიშნით (რაც საძირკველს აღნიშნავს), რომლესაც შემდეგ მოსდევს ჯერ პირველი დონის ქვე-დირექტორია, შემდეგ ისევ / ნიშანი (რომელიც ეხლა უკვე დირექტორიების ურთიერთ-ქვემდებარეობას აღნიშნავს), მერე მეორე დონის ქვე-დირექტორია, ისევ / ნიშანი (ანუ ისევ მინიშნება ქვემდებარეობაზე), მესამე დონის ქვე-დირექტორია და ა.შ.


დირექტორიაში შემავალ ფაილებს აგრეთვე აქვთ თავისი მისამართები. მაგალითად სურათზე მოყვანილი Picture001.jpg ფაილის მისამართი იქნება:

/home/liatodua/Pictures/Picture001.jpg

ფაილების და დირექტორიების მისამართებში გარკვევა აუცილებელია ტერმინალით სარგებლობისთვის. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ ტერმინალის საშუალებით ფაილი ერთი დიექტორიიდან მეორეში გადაიტანოთ (იხ. ტერმინალის ბრძანებები), აუცილებელი არ არის ტერმინალით რომელიმე დირექტორიაში გადახვიდეთ - საკმარისია ბრძანებაში ზუსტად მიუთითოთ ფაილის საწყისი მისამართი და საბოლოო დირექტორია, და ბრძანება შესრულდება.

მაგალითად, ასეთი ბრძანება:

mv /home/liatodua/Pictures/Picture001.jpg /home/liatodua/Documents/Mybooks

გადაიტანს Picture001.jpg ფაილს /home/liatodua/Pictures დირექტორიიდან /home/liatodua/Documents/Mybooks დირექტორიაში.



სხვათა შორის, თუ თქვენ ტერმინალში უკვე იმყოფებით /home/username დირექტორიაში (ტერმინალში ორიენტაციისთვის წაიკითხეთ ეს პოსტი), შეგიძლიათ უფრო მოკლე ბრძანება გასცეთ:

mv ./Pictures/Pictures001.jpg ./Documents/Mybooks

ტერმინალის ბრძანებებში წერტილი მიმდინარე დირექტორიას ნიშნავს, ამიტომ ამ ბრძანების და წინა ბრძანების შედეგი ერთი და იგივე იქნება.

No comments:

Post a Comment