ლინუქსის ოპერაციულ სისტემაში სამუშაოდ მისი კომპიუტერზე "დაყენება" სავალდებულო არ არის. ვინაიდან ლინუქსი საკმაოდ კომპაქტური ოპერაციული სისტემაა, ის ლაზერულ CD დისკზე სრულად ეტევა და შესაძლებელია მასზე პირდაპირ ამ დისკიდან მუშაობა. ასეთ დისკებს, რომლიდანაც ოპერაციული სისტემა პირდაპირ, კომპიუტერზე დაყენების გარეშე ეშვება, "ცოცხალი დისკი" ან Live CD ჰქვია. გარდა ამისა, ლინუქსის თანამედროვე დისტრიბუციები USB ფლეშ-დისკებზეც ყენდება.
როგორც წესი, ლინუქსის თანამედროვე დისტრიბუციების საინსტალაციო დისკებს ამავე დროს "ცოცხალი დისკების" ფუნქციის შესრულებაც შეუძლია. გაშვებისას ისინი გთავაზობენ არჩევანს: გსურთ დააყენოთ ლინუქსი კომიუტერზე, თუ გსურთ სცადოთ ლინუქსი დაყენების გარეშე (Try linux without installaton). თუ თქვენ ამ უკანასკნელს აირჩევთ, ოპერაციული სისტემა პირდაპირ ლაზერული დისკიდან გაეშვება.
ამავე დროს არსებობს ლინუქსის ვერსიები, რომელიც კომპიუტერზე დასაყენებლად საერთოდ არ არის გამიზნული და მხოლოდ "ცოცხალი დისკიდან" მუშაობს. ასეთია მაგალითად კნოპიქსი (Knoppix). ასეთი დისკის მომზადება ხდება იგივე მეთოდით, რაც ლინუქსის საინსტალაციო დისკის მომზადება.
ორივე შემთხვევაში (ლინუქსის საინსტალაციო დისკს იყენებთ თუ Live CD-ს) ოპერაციული სისტემის დისკიდან გასაშვებად დისკი უნდა მოათავსოთ კომპიუტერის CD-ROM-ში, გადატვირთოთ კომპიუტერი და გაუშვათ იგი CD-დან.
გარე დისკიდან მომუშავე ოპერაციულ სისტემას რამოდენიმე თავისებურება ახასიათებს:
პირველ რიგში, ასეთი სისტემა რა თქმა უნდა უფრო ნელია, ვიდრე კომპიუტერის მყარ დისკზე დაინსტალირებული სისტემა.
გარდა ამისა, თუკი გარე დისკი ლაზერული დისკია (CD), ამ სისტემაში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა და შენახვა _ ამიტომ აზრი არ აქვს ეკრანის ფონის ან გაფრმების შეცვლას - დისკის შემდეგი გაშვებისას ეს ცვლილებები უკვალოდ გაქრება და ისევ სტანდარტული ფონი და გაფორმება გამოჩნდება ეკრანზე. ასევე გაქრება ყველა თქვენს მიერ "შენახული" ფაილი - თუკი ის თქვენ კომპიუტერის მყარ დისკზე არ შეინახეთ.
სხვაგვარი სიტუაციაა, თუკი ლინუქსი USB ფლეშ-დისკზე გვიყენია. ამ შემთხვევაში სისტემაში ცვლილებების შეტანა და შენახვა შესაძლებელია. თუმცა აქ ფლეშ-დისკის მოცულობით ვართ შეზღუდული.
და აი მივადექით მნიშვნელოვან მომენტს - ჩვეულებრივ პირობებში, გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსი კომპიუტერის მყარ დისკს არ იყენებს. უმეტეს შემთხვევაში, ფაილების მენეჯერში თუ შეხვალთ, კომპიუტერის მყარ დისკს მასში ვერსად მოძებნით. ლინუქსი გაჩვენებთ თავის სტანდარტულ "საძირკველ დირექტორიას", თავისი ქვე-დირექტორიებით, რომელიც ყველა აქვე, გარე დისკზეა. შთაბეჭდილება ისეთია, რომ კომპიუტერში სისტემა თითქოს საერთოდ არ "იხედება".
თუმცა რა თქმა უნდა ეს ასე არ არის - სისტემა მშვენივრად ხედავს კომპიუტერის მყარ დისკს. ამ პოსტში ჩვენ გავარჩიეთ, რომ "ცოცხალი დისკის" ერთ-ერთი პროგრამა, Gparted, სწორედ მყარი დისკის დანაყოფებს გვაჩვენებს და მათი შეცვლის საშუალებას გვაძლევს. ეხლა კი გავარკვევთ, რომ გარე დისკიდან მომუშავე სისტემას მეტიც შეუძლია: შეგვიძლია კომპიუტერის მყარი დისკის დანაყოფები სათითაოდ "მივამაგროთ" (mount) გარე დისკზე მომუშავე ლინუქსის "საძირკველი დირექტორიის" რომელიმე ქვედირექტორიას, რის შემდეგაც ამ დანაყოფში "შესვლას" და ფაილების გახნას შევძლებთ.
სანამ კომპიუტერის მყარი დისკის რომელიმე დანაყოფს გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსის ფაილების სისტემაზე "მივამაგრებთ", უნდა დავადგინოთ ამ დანაყოფების ზუსტი "დასახელებები". ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ან იგივე პროგრამა Gparted, ან ტერმინალი.
Gparted პროგრამას თუ გავხსნით, დავინახავთ რაღაც ამის მსგავს სურათს:
იგივე ინფორმაციის მიღება ტერმინალიდანაც შეგვიძლია. ამისთვის გახსენით ტერმინალი და მიეცით ბრძანება:
sudo fdisk -l
ზემოთ მოყვანილი მაგალითისთვის ტერმინალის პასუხი იქნება ასეთი:
Disk /dev/sda: 40.0 GB, 40007761920 bytes
255 heads, 63 sectors/track, 4864 cylinders
Units = cylinders of 16065 * 512 = 8225280 bytes
Sector size (logical/physical): 512 bytes / 512 bytes
I/O size (minimum/optimal): 512 bytes / 512 bytes
Disk identifier: 0x000b76df
Device Boot Start End Blocks Id System
/dev/sda1 1 618 4957184 83 Linux
/dev/sda2 * 618 4673 32576040 7 HPFS/NTFS
/dev/sda3 4673 4864 1533953 5 Extended
/dev/sda5 4673 4864 1533952 82 Linux swap / Solaris
მთავარი ჩვენთვის ამ ინფორმაციაში ის არის, თუ როგორ "მოიხსენიებს" კომპიუტერი მყარი დისკის ამა თუ იმ დანაყოფს - ჩვენ სწორედ ეს "სახელი" უნდა მივუთითოთ იმისთვის, რომ ეს დანაყოფი გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსის ფაილების სისტემას "მივამაგროთ".
როგორც Gparted პროგრამის, ასევე ტერმინალის fdisk ინფორმაციიდან ჩანს, რომ მყარი დისკის იმ დანაყოფს, რომელზეც ლინუქსი აყენია, ჰქვია /dev/sda1, ხოლო მყარი დისკის უფრო დიდ დანაყოფს, რომლის ფორმატიც არის NTFS ( რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ვინდოუსის დანაყოფია) ჰქვია dev/sda2. დისკის დანარჩენი მცირე დანაყოფები ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს _ მათზე არაფერი არ აყენია.
იმისთვის, რომ /dev/sda1 დანაყოფი მივამაგროთ ცოცხალი დისკიდან მომუშავე ლინუქსის ფაილების სისტემაზე, ტერმინალს მივცეთ ბრძანება:
sudo mount /dev/sda1 /mnt
ამის შემდეგ დახურეთ ტერმინალი და გახსენით ფაილების მენეჯერი. მოძებნეთ /mnt დირექტორია, გახსენით და დაათვალიერეთ: თქვენ აღმოაჩენთ, რომ კომპიუტერის მყარი დისკის იმ ნაწილში იმყოფებით, სადაც ლინუქსი აყენია! (მაგალითად, გადადით /mnt/home დირექტორიაში - იქ თქვენი სახელის მქონე დირექტორიას აღმოაჩენთ, მთელი თქვენი ფაილებითურთ).
ასევე შეგვიძლია "მივამაგროთ" და ხელმისაწვდომი გავხადოთ მყარი დისკის მეორე დანაყოფი, რომელზეც ვინდოუსი აყენია - /dev/sda2. ამისთვის უნდა მივცეთ ბრძანება:
sudo mount /dev/sda2 /mnt
დახურეთ ტერმინალი და გახსენით /mnt დირექტორია ფაილების მენეჯერიდან _ ამჯერად მასში ვინდოუსის ფაილები და ფოლდერები დაგხვდებათ.
თუ თქვენ გინდათ, რომ მყარი დისკის ორივე დანაყოფი ერთდროულად მიამაგროთ გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსის ფაილების სისტემას, ამისთვის ორი "მისამაგრებელი" ადგილი გჭირდებათ - ანუ არსებული მაგრამ ცარიელი დირექტორიები. უბრალოდ შექმენით ნებისმიერი ახალი დირექტორია ფაილების არსებულ სისტემაში და მიამაგრეთ /dev/sda1 ან /dev/sda2 მასზე.
მაგალითად ასე:
მივამაგროთ /dev/sda1 არსებულ /mnt დირექტორიაზე ბრძანებით:
sudo mount /dev/sda1 /mnt
შევქმნათ ახალი /mnt2 ქვედირექტორია საძირკველ დირექტორიაში. ამისთვის მივცეთ ბრძანება:
sudo mkdir /mnt2
და მივამაგროთ /dev/sda2 ამ ახალ შექმნილ დირექტორიაზე:
sudo mount /dev/sda2 /mnt2
ამის შემდეგ თქვენთის მთელი თქვენი კომპიუტერის ფაილები ხელმისაწვდომი გახდა - ლინუქსის ნაწილი განთავსებულია /mnt დირექტორიაში, ვიდოუსის ნაწილი კი - /mnt2 დირექტორიაში.
დირექტორიაზე "მიმაგრებული" დისკის დანაყოფის მოხსნა თუ დაგჭირდათ, გამოიყენეთ ბრძანება:
sudo umount dir
(dir მაგივრად ჩაწერეთ იმ დირექტორიის დასახელება/მისამართი, რომელიც უნდა "გაანთავისუფლოთ")
გაითვალისწინეთ: თუ თქვენ გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსიდან მყარ დისკზე გინდათ ფაილის ჩაწერა - ჩაწერეთ ვინდოუსის ნაწილში. ლინუქსის ნაწილში "გარედან" ფაილის ჩასაწერად საჭიროა წინასწარ ამ დირექტორიაზე ამის ნებართვა იყოს დართული. ამ საკითხს შემდგომ პოსტებში გავარჩევთ.
No comments:
Post a Comment