ლინუქსის ძირითადი ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან რთულია გათვალო, რამდენად კარგად იმუშავებს ლინუქსის კონკრეტული პაკეტი შენს კონკრეტულ კომპიუტერზე. ეხლავე ავხსნი, რასაც ვგულისხმობ: ყოველი კონკრეტული კომპიუტერი ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. ალბათ გაგიგიათ დასახელებები "დედა-პლატა", "ოპერატიული მეხსიერება" "პროცესორი", "ჰარდი", "ვიდეო-კარტა", "საუნდ-კარტა" და ა.შ. ეს ყველა კომპიუტერის ნაწილებია. ხშირად ისინი სრულებით სხვადასხვა ფირმებში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მზადდება და მერე იკრიბება ერთად, ერთ "ყუთში" და ქმნის კომპიუტერს. ოპერაციული სისტემის (ანუ ვინდოუსის ან ლინუქსის) დანიშნულებაა ყველა ეს ნაწილი ერთ სისტემად შეკრას, ერთად ამუშავოს.
სამწუხაროდ სხვადასხვა ფირმის მიერ სხვადასხვა დროს წარმოებული ერთი და იგივე დანიშნულების ნაწილი (ნუ, ვთქვათ "ვიდეოკარტა") ზუსტად ერთნაირი არ არის. იმისთვის რომ ოპერაციულმა სისტემამ ის კარგად აამუშავოს, საჭიროა ის ამ კონკრეტული ფირმის იმ კონკრეტული ტიპის ნაწარმზე "მორგებული" იყოს. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ვინდოუსი უფრო მეტი ტიპის ნაწარმზეა მორგებული, ვიდრე ლინუქსი (კომპიუტერების მგონი 95% წინასწარ დაინსტალირებული და მორგებული ვინდოუსით იყიდება). ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხმარებაში მყოფი ვინდოუსის ვერსიები სულ სამი თუ ოთხია, ლინუქსები კი უამრავია. ამიტომ მომხმარებლისთვის ვინდოუსის ათვისება უფრო ადვილია. შესაბამისად კომპიუტერის მწარმოებლებიც უფრო ფართო მოხმარების ოპერაციულ სისტემაზე არიან ორიენტირებული.
შედეგი ის არის, რომ თქვენს კონკრეტულ კომპიუტერზე თქვენს მიერ შერჩეული ლინუქსის პაკეტის რაღაც ნაწილმა შეიძლება კარგად არ იმუშავოს. ამიტომ შეიძლება მოგიწიოთ პაკეტის ამ ნაწილის გამოცვლა, ან მთლიანად ლინუქსის სხვა პაკეტის დაყენება, ან კომპიუტერის რაღაც ნაწილის გამოცვლა ან განახლება. ყველა შემთხვევაში ეს წაიღებს საკმაოდ ბევრ დროს და ძალისხმევას. ამისთვის მზად უნდა იყოთ. ლინუქსი არის ღია და უფასო, მაგრამ არ არის "მზამზარეული".
გარდა ამისა, ლინუქსი არ იძლევა არავითარ გარანტიას: გარანტიას იმისა, რომ თქვენ მას კომპიუტერზე უპრობლემოდ დააყენებთ, ან იმისა, რომ არაფერი დაგიზიანდებათ, რომ უპრობლემოდ განაახლებთ და ა.შ.. ლიცენზირებული ვინდოუსი ან მაკ-ი ასეთ გარანტიებს იძლევა და თუკი თქვენ ამ სისტემებისგან ზიანი მოგადგათ, შეგიძლიათ მათ გამომშვებ კომპანიებს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოთ. ლინუქსში კი ასე არ არის. აქ პასუხს ვერავის მოსთხოვთ - საკუთარი თავის გარდა. ეს ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მახასიათებელია - თავად წყვეტ, რას აკეთებ და თავადვე აგებ პასუხს საკუთარი ქმედებისთვის.
თუმცა აქვე უნდა უარვყო გავრცელებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლინუქსი "ცარიელი საოპერაციო სისტემაა და მერე უნდა ეძებო ყველა პროგრამა და ცალ-ცალკე დააყენო მასზე". ეს ასე არ არის. შეიძლება ადრე იყო, არ ვიცი. დღეს ლინუქსები წარმოადგენს სრულ პროგრამულ პაკეტს, რომელშიც შედის მომხმარებლისთვის საჭირო ყველა პროგრამა: ინტერნეტის ბრიუზერი, ელ-ფოსტა, ჩატი, ოფისი, სახატავი პროგრამა, ვიდეოების საყურებელი პროგრამა, ფოტოების დასათვალიერებელი პროგრამები და ა.შ. გარდა ამისა ლინუქსს აქვს გამზადებული პროგრამების ღია ინტერნეტ-საწყობები, ე.წ. "რეპოზიტორები" (Software repositories) საიდანაც უამრავი პროგრამის არჩევა შეიძლება, და რომელიც საკმაოდ იოლად ყენდება კომპიუტერზე.
No comments:
Post a Comment