ლინუქსის თანამედროვე ვერსიები მომხმრებლისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ოპერაციული სისტემებია. თუმცა არის რამოდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გახსოვდეთ:
1. ლინუქსში შესაძლებელია ყველა ფაილის ნახვა, ძალიან ბევრი მათგანის შემცველობის წაკითხვა და შეცვლა, და ასევე - ყველა ფაილის წაშლა! ლინუქსის ზოგი გრაფიკული ინტერფეისი ბაძავს ვინდოუსს იმაში, რომ ფაილის წაშლის შესახებ ბრძანების მიღებისას გამოგიგდებთ გადამოწმების შეკითხვას: "დარწმუნებული ხარ, რომ უნდა წავშალო?" და რომ ეტყვით "კიო", მერე მაინც თავს დაიზღვევს და ფაილს მართლა კი არ წაშლის, არამედ "ნაგვის ყუთში" გადაიტანს.
მაგრამ ასე არ იქცევა ტერმინალი!
გაითვალისწინეთ: როდესაც თქვენ ფაილს ტერმინალის ბრძანების გამოყენებით შლით, ის "სანაგვე ყუთში" არ ვარდება, - ის მართლა იშლება, ანუ უბრალოდ ქრება! მისი აღდგენა შეუძლებელია.
ასე რომ გამოიმუშავეთ ჩვევა: დაფიქრდით, სანამ ტერმინალს rm ბრძანებას მისცემთ!
2. ლინუქსს აქვს კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა მონაცემები შემთხვევით არ დაკარგოთ:
ლინუქსში შესაძლებელია ერთი და იგივე ფაილის რამოდენიმე ერთდროულ ფანჯარაში გახსნა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რედაქტირება. იცით ალბათ, რომ ვინდოუსში ეს შეუძლებელია: ვინდოუსში თუ უკვე გახსნილი ფაილის გახსნას მოინდომებთ, სისტემა გაგაფრთხილებთ ამის შესახებ და ან საერთოდ არ გაგახსნევინებთ, ან მისი მხოლოდ წაკითხვის საშუალებას მოგცემთ. ლინუქსში კი ასე არ არის! თქვენ არ მიიღებთ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ეს ფაილი უკვე გახსნილია და არც მის შეცვლაში შეიზღუდებით.
ლინუქსის ამ თავისებურების შედეგი ის არის, რომ თუკი მაგალითად ფაილების მენეჯერში რაიმე ფაილის გამოსახულებაზე თქვენ შემთხვევით ზედმეტად "დაწკაპეთ", შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, რომ ის ერთხელ კი არა, ორჯერ გაიხსნა. დავუშვათ თქვენ შეცვალეთ ბოლოს გახსნილი ვარიანტი, დააჭირეთ Save ღილაკს (შენახვას) და დახურეთ იგი. ამ დროს უცბად აღმოაჩენთ, რომ ფაილი ისევ ღიაა (ანუ მეორე გახსნილის დახურვის შემდეგ დაინახეთ პირველად გახსნილი ფანჯარა). თან აღმოაჩენთ, რომ თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები გაქრა! ნუ დაიბნევით: უბრალოდ დახურეთ ეს ფანჯარა, შენახვის გარეშე! შენახულ ფაილში თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები ადგილზე დარჩება.
მოკლედ, ზოგადი წესი აქ ასეთია: თუ ერთი და იგივე ფაილი რამოდენიმე ფანჯარაში გაიხსნა, ამ ფანჯრების დახურვისას შეინახება ფაილის ის ვერსია, რომელშიც ბოლოს დააჭირეთ Save ღილაკს.
სამწუხაროდ, თუკი შეგეშალათ და ფაილის ახალი ვერსიის შენახვის და დახურვის შემდეგ ძველი ვერსიის დახურვისას აგრეთვე დააჭერთ Save ღილაკს, ახალ ვერსიაში შეტანილი ცვლილებები უკვალოდ გაქრება! და კომპიუტერი არც ერთ სტადიაზე არ გაგაფრთხილებთ ამის შესახებ! ამიტომ, იყავით ყურადღებით!
No comments:
Post a Comment