Monday, April 11, 2011

ვინდოუსისთვის გამიზნული პროგრამის დაყენება

თუ თქვენ ლინუქსზე რაიმე პროგრამის დაყენება გინდათ, არადა მისი "სალინუქსე" ვარიანტი ვერსად მოძებნეთ, ლინუქსის სისტემაში მისი დაყენება მაინც შესაძლებელია.

ამისთვის ჯერ უნდა დაიყენოთ პროგრამა, რომელიც იმ თქვენ სასურველ პროგრამას ვინდოუსის გარემოს შეუქმნის, ასე ვთქვათ ვინდოუსის იმიტატორი (მარტო პროგრამებისთვის. თქვენ ისევ ლინუქსში დარჩებით).

ვინდოუსის ერთ-ერთი გავრცელებული იმიტატორია პროგრამა Wine. ლინუქსის რეპოზიტორებში ის შედის, ასე რომ შეგიძლიათ იოლად დაიყენოთ პაკეტების მენეჯერის ან ტერმინალის საშუალებით. ამის შემდეგ თქვენს მენიუებში გაჩნდება ასეთი ნიშანი:
ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ვინდოუსის პროგრამების ლინუქსში გასაშვებად.

ჩამოტვირთეთ ან გადაიწერეთ კომპიუტერში სასურველი პროგრამის ვინდოუსში დამყენებელი ფაილი. მოძებნეთ ის ფაილების მენეჯერით, "დაწკაპეთ" მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Wine. პროგრამის დაყენება უნდა დაიწყოს.

თუმცა არ არის გამორიცხული პრობლემები: შესაძლოა კომპიუტერის უსაფრთხოების სისტემამ დაბლოკოს უცნობი ფაილის გაშვება. მაგალითად, შეიძლება "გამოხტეს" რაღაც ამის მაგვარი:

ნუ გაბრაზდებით. ამ პოსტში ჩვენ შეგპირდით, რომ ლინუქსს ვირუსები არ ჰყავს და ანტივირუსებს არ იყენებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლინუქსისთვის ვირუსის ან ზიანის მომტანი სხვა ფაილის შექმნა შეუძლებელია. შესაძლებელია, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვინაიდან ლინუქსი ნაკლებად გავრცელებულია ვიდრე ვინდოუსი და უმეტესწილად უფასოა, მას ნაკლები მტრები ჰყავს და მისი ვირუსების დაწერაზე თავს დიდად არავინ იწუხებს. ამიტომ ლინუქსელები ანტივირუსებს არ ხმარობენ. მაგრამ ნებისმიერი ფაილის ჩამოტვირთვა და დაუბრკოლებლად გაშვება კომიუტერში მაინც საშიშია. ასე რომ, თუ კომპიუტერმა თქვენი პროგრამის დაყენება დაბლოკა და დაგიწერათ უცნობი წარმოშობის ფაილია და ვერ გავუშვებო - გაგებით მოეკიდეთ ამას. კომპიუტერი ცდილობს კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ, სანამ შესაძლო საფრთხის შემცველ ფაილს გაუშვებს სისტემაში.

იმისთვის რომ გავერკვეთ, თუ რატომ დაიბლოკა ფაილი და როგორ ავამუშავოთ იგი, გადავიდეთ ტერმინალში. გადადით იმ დირექტორიაში, სადაც ფაილი ჩაწერეთ (გულდასმით წაიკითხეთ ეს პოსტი, ეს პოსტი და ეს გვერდი). მიეცით ბრძანება

ls -l

ჩამოიწერება დირექტორიის შემადგენლობა გრძელ ფორმატში. მოძებნეთ თქვენი ფაილი და შეისწავლეთ მისი აღწერა.

მაგალითად, ჩემი დაბლოკილი something.exe ფაილის გრძელ ფორმატში აღწერა ასე გამოიყურება:

-rw-r--r-- 1 liatodua liatodua    3950700 2011-03-30 22:13 something.exe

ამ აღწერაში ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი 10 ნიშანი: 

-rw-r--r--
  • პირველი ნიშანი აქ მიანიშნებს ფაილი გვაქვს თუ დირექტორია (- ნიშნავს ფაილს, d ნიშნავს დირექტორიას);
  • შემდეგი სამი ნიშანი გვაძლევს ინფორმაციას ფაილის პატრონის უფლებების შესახებ: (მიმდევრობით) ფაილის წაკითხვის უფლება (r, ანუ read), ფაილის შეცვლის უფლება (w ანუ write) და ფაილის გაშვების (x, ანუ execute) უფლება. - ნიშანი რომელიმე პოზიციაზე ნიშნავს, რომ შესაბამისი უფლება ფაილის პატრონს არ გააჩნია;
  • შემდეგი სამი ნიშანი შეიცავს ინფორმაციას ფაილის პატრონის ჯგუფში მყოფი სხვა მომხმარებლების უფლებებზე (ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ ფაილის წაკითხვა შეუძლიათ)
  • ბოლო სამი ნიშანი აღნიშნავს ყველა სხვა მომხმარებლების უფლებებს ამ ფაილზე (ამ შემთხვევაში მათაც მხოლოდ ფაილის წაკითხვა შეუძლიათ).
ანუ მე ტერმინალმა მომცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე (ანუ ფაილის მფლობელს) არ მაქვს უფლება გავუშვა ეს ფაილი (მეოთხე პოზიციაზე x მაგივრად - ნიშანია), თუმცა მაქვს უფლება შევცვალო იგი (მესამე პოზიციაზე w ნიშანია). მე სწორედ ამ უფლებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ საკუთარ უფლებებს ფაილის გაშვების უფლებაც დავუმატო. ამისთვის მოვიქცევი ასე:

ტერმინალში შევიყვან ბრძანებას:

chmod u+x something.exe
(თქვენ something.exe-ს მაგივრად თქვენი კონკრეტული ფაილის სრული დასახელება უნდა ჩაწეროთ)

დავაჭერ Enter კლავიშს და კომპიუტერი შეცვლის ფაილზე ჩემს უფლებებს. გადავამოწმოთ. ისევ მივცეთ ბრძანება

ls -l

მივიღე პასუხი:

-rwxr--r-- 1 liatodua liatodua    3950700 2011-03-30 22:13 something.exe

მიაქციეთ ყურადღება: ფაილის აღწერის მეოთხე პოზიციაზე x ნიშანი გაჩნდა. ანუ მე უკვე მაქვს ამ ფაილის გაშვების უფლება!

ეხლა შემიძლია დავხურო ტერმინალი, ფაილების მენეჯერში მოვძებნო ეს ფაილი, "დავწკაპო" მაუსის მარჯვენა ღილაკით და ავირჩიო Wine პროგრამით მისი გაშვება. ამჯერად პროგრამა უპრობლემოდ უნდა დაყენდეს.

No comments:

Post a Comment