გახსენით ტერმინალის ფანჯარა (იხ. ეს პოსტი). მიაქციეთ ყურადღება, რომ ფანჯარაში, მოციმციმე კურსორამდე, რაღაც ტექსტი წერია. ეს ე.წ. მოკარნახეა, ანუ "პრომპტი" (prompt). ის გკარნახობთ, თუ ვინ ხართ თქვენ, რა კომპიუტერს იყენებთ და ამ კომპიუტერის რომელ დირექტორიაში იმყოფებით ეხლა. საქმე იმაშია, რომ ლინუქსით შესაძლებელია ერთ კომპიუტერზე ბევრი მომხმარებელი ერთდროულად მუშაობდეს (ბუნებრივია ამისთვის ყველა მათგანს თავისი ეკრანი და კლავიატურა უნდა ჰქონდეს), ან პირიქით - ერთი მომხმარებელი რამოდენიმე კომპიუტერზე მუშაობდეს. ამიტომ, ზუსტი ორიენტაციისთვის, ტერმინალი გკარნახობთ, რომელი მომხმარებლის სახელით ხართ შესული, რომელ კომპიუტერში და მის რომელ დირექტორიაში.
პრომპტი გამოიყურება ასე:
user@comp:~$
სადაც user-ის მაგივრად წერია მომხმარებლის ის სახელი, რომელიც თქვენ ლინუქსის დაყენებისას აირჩიეთ და comp-ის მაგივრად წერია სახელი, რომელიც თქვენ ამ კომპიუტერს დააქრვით (ისევ და ისევ ლინუქსის დაყენებისას). ნიშანი ~ (ტილდა) ნიშნავს დირექტორიას, რომელსაც იგივე დასახელება აქვს, რაც თქვენი user სახელია (ლინუქსში კომპიუტერის ყველა ახალი მომხმარებლის დარეგისტრირებისას ამ კომპიუტერში ავტომატურად იქმნება მისი დასახელების დირექტორია). ნიშანი $ ნიშნავს, რომ თქვენ ჩვეულებრივი მომხმარებელი ხართ და არა ე.წ. "ძირეული მომხმარებელი" (ანუ ადმინისტრატორი, root). სხვათა შორის, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეიცვალოთ სტატუსი root-მომხმარებელზე (ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თქვენი კომპიუტერია!). თუმცა საჭიროების გარეშე სტატუსის შეცვლა ლინუქსში "ცუდ ტონად" ითვლება. ჩვეულებრივი მომხმარებელი უფრო დაცულია შეცდომებისგან, ასე რომ ჯობია ამ სტატუსზე დარჩეთ.
ის, თუ რომელ დირექტორიაში "იმყოფებით ახლა" მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ თქვენ სპეციალურად სხვა მისამართი არ მიუთითეთ, ტერმინალი გულისხმობს, რომ ყველა თქვენი ბრძანება ამ დირექტორიას (მომავალში ჩვენ მას "მიმდინარე დირექტორიად" მოვიხსენიებთ) ეხება.
მოდით დავიწყოთ ბრძანებები მიცემა. ჩაწერეთ ტერმინალში შემდეგი ბრძანება:
ls
(არ იხმაროთ დიდი ასოები! მხოლოდ პატარა ლათინური "ლ" და "ს", ინტერვალის გარეშე) დააჭირეთ Enter კლავიშს და დაელოდეთ. კომპიუტერი ჩამოწერს მიმდინარე დირექტორიის შემადგენლობას. ანუ ls ბრძანება არსებითად ნიშნავს list, ანუ ჩამოთვალე.
ეხლა ჩაწერეთ ტერმინალში შემდეგი:
man ls
(პატარა ასოებით, man-სა და ls-ს შორის ინტერვალი) დააჭირეთ Enter კლავიშს და დაელოდეთ. გაიხსნება ტერმინალის ბრძანებების აღმწერი სახელმძღვანელოს (Manual) ის სტატია, რომელიც ls ბრძანებას აღწერს. თავიდან გამოჩნდება სტატიის მხოლოდ პირველი გვერდი. კლავიატურის ისრებით შეგიძლიათ ეკრანი მართოთ ისე, რომ სტატია ბოლომდე დაათვალიეროთ. რაიმეს ჩაწერა აქ შეუძლებელია. ეს უბრალოდ საცნობარო ინფორმაციაა თქვენთვის.
სახელმძღვანელოდან გამოსასვლევად დააჭირეთ კლავიატურის Q ასოს. დაიწერება პრომპტი. ანუ თქვენ ისევ ტერმინალის "ბრძანებების რეჟიმში" ხართ და იგი თქვენს შემდგომ ბრძანებებს ელოდება.
აკრიფეთ ასეთი ბრძანება:
ls -l
(ლათინური პატარა ასოებით "ლ","ს", შემდეგ ინტერვალი, მინუსის ნიშანი და "ლ") და დააჭირეთ Enter-ს. ჩამოიწერება დირექტორიის შემადგენლობა ე.წ. "გრძელ" (long) ფორმატში. რაღაც ამის მაგვარი:
-rw-r--r-- 1 user user 6783 2011-04-05 19:43 file1
-rw-r--r-- 1 user user 4990 2011-03-23 08:38 file2
-rw-r--r-- 1 user user 776192 2011-04-01 07:49 file3
drwxr-xr-x 3 user user 4096 2011-03-09 20:26 Desktop
drwxr-xr-x 10 user user 4096 2011-04-02 08:50 Documents
drwxr-xr-x 4 user user 4096 2011-04-02 20:21 Downloads
drwxr-xr-x 2 user user 4096 2011-03-09 20:11 Music
drwxr-xr-x 3 user user 4096 2011-03-04 19:02 Notes
drwxr-xr-x 2 user user 4096 2011-02-05 22:35 Pictures
ამ ინფორმაციის საფუზველზე ამოვირჩიოთ რომელიმე დირექტორია. მაგალითად Downloads. გვინდა მასში გადასვლა. ამისთვის უნდა ავკრიფოთ ბრძანება:
cd Downloads
(ზუსტად დაიცავით სინტაქსი: ინტერვალი და დიდი ასო მხოლოდ იქ, სადაც წერია!) და დააჭირეთ Enter კლავიშს. ტერმინალი დაწერს:
user@comp:~/Downloads$
ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე დირექტორია ეხლა არის დირექტორია Downloads. მიეცით აქ ls ან ls -l ბრძანება და ნახავთ, რომ მისი შემადგენლობა წინა დირექტორიისგან განსხვავდება. აირჩიეთ აქაც რამე დირექტორია და გადადით მასში. პრომპტი მაშინვე გაჩვენებთ თქვენს ახალ ადგილმდებარეობას.
მოკლედ, მიხვდით ალბათ, რომ cd ბრძანება ნიშნავს change directory, ანუ შეცვალე (მიმდინარე) დირექტორია. მისი დახმარებით შეგიძლიათ "იძრომიალოთ" კომპიუტერში. სცადეთ! რომ არ დაიკარგოთ, დაიხსომეთ ორი სასარგებლო რამ:
ნებისმიერი დირექტორიის დედა-დირექტორიაში გადასვლა ხდება ბრძანებით
cd ..
(ანუ ლათინური პატარა ასოებით "ც", "დ", ინტერვალი, წერტილი, წერტილი და მერე Enter კლავიში).
ნებისმიერი დირექტორიიდან საწყის მდგომარეობაში (ანუ თქვენი user სახელის მქონე დირექტორიაში) დაბრუნდებით ასე:
cd
(ანუ ლათინური "ც", "დ" და Enter კლავიში).
ასე არ დაიკარგებით.
გაითვალისწინეთ: შესაძლებელია ტერმინალის პრომპტი კონფიგურირებული იყოს იმგვარად, რომ მიმდინარე დირექტორიის მისამართს არ წერდეს! ამ შემთხვევაში მიმდინარე დირექტორიის გასარკვევად გამოიყენება ასეთი ბრძანება:
pwd
(ანუ ლათინური "პ", "დაბლიუ" "დ" და Enter კლავიში).
ამ ბრძანების პასუხად კომპიუტერი დაგიწერთ მიმდინარე დირექტორიის მისამართს.
და ბოლოს - ეს ყველაფერი უბრალოდ ტერმინალში გზის გაგნების სავარჯიშო იყო. ფაილების და დირექტორიების მთელი იერარქიის ნახვა ლინუქსში უპრობლემოდ შეიძლება ფაილების მენეჯერი პროგრამით (File Manager). მოძებნეთ ის მენიუებში, ვინდოუსის "ვინდოუს-მენეჯერის" მსგავსია და ძალიან ადვილად გაერკვევით.
ხოლო იმას, თუ რად გვინდოდა ტერმინალში "გაგნება", მომავალი პოსტებიდან გაიგებთ.
-------------------------------
ლინუქსში დირექტორია (directory) იგივეა რაც ვინდოუსში "ფოლდერი" (folder)
გააგრძელეთ პოსტები ამდენი წლის მერეც საინტერესოა
ReplyDelete