Sunday, April 24, 2011

ლინუქსის საინსტალაციო USB ფლეშ-კარტის მომზადება

თუ თქვენს კომპიუტერს ლაზერული დისკების წამკითხველი მოწყობილობა (CD-ROM) არ აქვს, როგორც წესი, ახალი ოპერაციული სისტემა კომპიუტერის USB პორტზე მიერთებული გარე მატარებლის საშუალებით უნდა დააყენოთ: შეიძლება ეს იყოს გარე CD-ROM ან, უფრო გავრცელებული (და ბევრად იაფი) ფლეშ-კარტა ან "ფლეშკა" (USB Flash drive).

Friday, April 22, 2011

კომპიუტერის გაშვება გარე დისკიდან ან "ფლეშკიდან"

კომპიუტერის გარე დისკიდან "გაშვებას" (ან "ჩატვირთვას") ვეძახით სიტუაციას, როდესაც კომპიუტერის ჩართვისას გაეშვება და ამუშავდება არა კომპიუტერის მყარ დისკზე ჩაწერილი პროგრამა ან ოპერაციული სისტემა, არამედ გარე ლაზერულ დისკზე ან "ფლეშკაზე" ჩაწერილი პროგრამა ან ოპერაციული სისტემა. ცხადია, ნებისმიერი გარე დისკი ამისთვის არ გამოდგება - დისკი, რომელზეც კინოფილმი ან დოკუმენტებია ჩაწერილი კომპიუტერს არ "გაუშვებს". კომპიუტერი შეიძლება ჩაიტვირთოს ან გაეშვას მხოლოდ რაიმე პროგრამის/ოპერაციული სისტემის საინსტალაციო დისკიდან ან ე.წ. "ცოცხალი დისკიდან" (Live CD, იხ. ეს პოსტი).

Thursday, April 21, 2011

ლინუქსი გარე დისკიდან

ლინუქსის ოპერაციულ სისტემაში სამუშაოდ მისი კომპიუტერზე "დაყენება" სავალდებულო არ არის. ვინაიდან ლინუქსი საკმაოდ კომპაქტური ოპერაციული სისტემაა, ის ლაზერულ CD დისკზე სრულად ეტევა და შესაძლებელია მასზე პირდაპირ ამ დისკიდან მუშაობა. ასეთ დისკებს, რომლიდანაც ოპერაციული სისტემა პირდაპირ, კომპიუტერზე დაყენების გარეშე ეშვება, "ცოცხალი დისკი" ან Live CD ჰქვია. გარდა ამისა, ლინუქსის თანამედროვე დისტრიბუციები USB ფლეშ-დისკებზეც ყენდება.

დისკის დაყოფა Gparted პროგრამის საშუალებით

ყველაზე გავრცელებული "ლინუქსური" პროგრამა, რომელსაც კომპიუტერის მყარ დისკის ნაწილებად დაყოფა შეუძლია, არის პროგრამა Gparted.

Sunday, April 17, 2011

ლინუქსის დაყენება ვინდოუსის გვერდით

თუ თქვენ ვინდოუსს ვერ ელევით, არადა ლინუქსიც გიზიდავთ, მაშინ გირჩევთ დაიყენოთ ლინუქსი ვინდოუსის "გვერდით". ანუ სისტემა დაყენდება ისე, რომ კომპიუტერის ყოველი ჩართვისას თქვენ გექნებათ არჩევანი, ლინუქსში შეხვიდეთ, თუ ვინდოუსში. ამას ჰქვია ორმაგი ჩატვირთვა, ანუ dual booting.

Friday, April 15, 2011

ლინუქსის საინსტალაციო ლაზერული დისკის მომზადება

ლინუქსის დისტრიბუციის ლაზერულ დისკზე ჩაწერისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

Wednesday, April 13, 2011

ყურადღებით, თქვენ ლინუქსში ხართ!

ლინუქსის თანამედროვე ვერსიები მომხმრებლისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ოპერაციული სისტემებია. თუმცა არის რამოდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გახსოვდეთ:

ქართულად წერა ლინუქსში

ლინუქსში ძალიან ადვილია ახალი ფონტების დაყენება:

Monday, April 11, 2011

ვინდოუსისთვის გამიზნული პროგრამის დაყენება

თუ თქვენ ლინუქსზე რაიმე პროგრამის დაყენება გინდათ, არადა მისი "სალინუქსე" ვარიანტი ვერსად მოძებნეთ, ლინუქსის სისტემაში მისი დაყენება მაინც შესაძლებელია.

ინტერნეტ-საწყობის გარე პროგრამის დაყენება

ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში ("რეპოზიტორებში") ათობით ათასი პროგრამაა. და მათი დაყენება საკმაოდ იოლია (იხ ეს პოსტი და ეს პოსტი). თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ლინუქსის ოპერაციული სისტემისთვის არის გამიზნული, სხვადასხვა მიზეზების გამო ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში არ მოხვდა. არ იდარდოთ - მათი დაყენება ლინუქსზე მაინც შესაძლებელია.

პროგრამის დაყენება ინტერნეტ-საწყობიდან ტერმინალის საშუალებით

ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებში არსებული პროგრამების დაყენება პირდაპირ ტერმინალიდანაც არის შესაძლებელი.

Sunday, April 10, 2011

პაკეტების მენეჯერები

პაკეტების მენეჯერები არის სპეციალური პროგრამები ლინუქსში, რომელიც საშუალებას გაძლევთ ლინუქსის ინტერნეტ-საწყობებიდან ("რეპოზიტორებიდან", repositories) ამოირჩიოთ და იოლად დაიყენოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა.

ახალი პროგრამების დაყენება

ლინუქსის სისტემაში რაიმე ახალი პროგრამის დასაყენებლად სამი გზა არსებობს:
  1. პაკეტების მენეჯერის გამოყენება;
  2. პროგრამის დაყენება ტერმინალის საშუალებით;
  3. ვინდოუსისთვის გამიზნული საინსტალაციო პაკეტის დაყენება ვინდოუსის იმიტატორი პროგრამების საშუალებით;

ორიენტაცია კომპიუტერში. მისამართები

ლინუქსი და ვინდოუსი კომპიუტერის "შინაგან აგებულებას" სხვადასხვანაირად აღიქვამს. მოდით, გავერკვეთ ამაში.

Wednesday, April 6, 2011

ორიენტაცია ტერმინალში

მოდით, გავიგნოთ გზა ტერმინალში.

ტერმინალი

თქვენ შეიძლება მოგიკრავთ ყური იმისთვის, რომ "ლინუქსის მოხმარება რთულია, რადგან  რაღაც "მანქანური ენა" უნდა იცოდე. აი ვინდოუსი და მაკი კი იოლია - იქ ყველაფერი ღილაკებით და მენიუებით კეთდება". ეს სიცრუეა.

როგორ დავიყენო ლინუქსი?

ლინუქსის დასაყენებლად უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:
  1. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლინუქსის პაკეტი/დისტრიბუცია (იხ. ეს პოსტი);
  2. გადით მის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე;
  3. იპოვეთ ყველაზე ახალი და ამავე დროს მდგრადი ვერსია;
  4. ჩამოტვირთეთ საინსტალაციო პაკეტი;
  5. ჩაწერეთ იგი ლაზერულ დისკზე ან USB "ფლეშკაზე";
  6. გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით იგი დისკიდან ან "ფლეშკიდან". უპასუხეთ კითხვებს, რომელიც ეკრანზე დაიწერება (დაიმახსოვრეთ: სახელი, რომელიც კომპიუტერს მიანიჭეთ, მომხმარებლის სახელი, რომელიც აირჩიეთ და პაროლი!).
სულ ესაა - ოპა! და თქვენ ლინუქსში ხართ.

შესაძლებელია აგრეთვე ლინუქსის დაყენება ვინდოუსის "გვერდით", ან ლინუქსში მუშაობა მისი მყარ დისკზე დაყენების გარეშე - გარე ლაზერული დისკიდან ან USB-"ფლეშკიდან".

თუ კითხვები იქნება, კომენტარებში გავარჩევთ თითოეულ საფეხურს ცალ-ცალკე.

აუცილებელი წინაპირობები

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლინუქსი დგება ნებისმიერი ტიპის კომპიუტერზე. თუმცა იმისთვის, რომ კარგად იმუშავოს, სხვადასხვა ტიპის ლინუქსებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. მაგრამ ლინუქსის შერჩევა ნებისმიერი კომპიუტერისთვის არის შესაძლებელი, ყველაზე სუსტი და ძველისთვისაც კი.

რეალურად ლინუქსი წინაპირობებს არა კომპიუტერს, არამედ კომპიუტერის პატრონს უყენებს. კერძოდ, აუცილებელია:

  • გამოყოთ დრო და იქონიოთ მონდომება და მოთმინება;
  • შეგეძლოთ რუსულის, ინგლისურის, ფრანგულის, ესპანურის ან გერმანულის გამოყენება (თუნდაც ლექსიკონის ან სათარგმნი პროგრამების საშუალებით)
  • გამოიმუშავოთ ჩვევა: სანამ კითხვას დასვამთ, ან რამეს მოიმოქმედებთ, "დაგუგლეთ"! ანუ მოძებნეთ ინტერნეტში რა ინფორმაციაა ამ საკითხის გარშემო. ლინუქსის მომხმარებლები ამავე დროს ინტერნეტის ყველაზე აქტიურად მომხმარებელი ხალხია, ასე რომ თითქმის ყველა კითხვაზე საჭიროზე მეტ ინფორმაციას მოძებნით. მთავარია არ დაგეზაროთ წაკითხვა. და არ შეგაშინოთ გაუგებარმა სიტყვებმა და აბრევიატურებმა - უბრალოდ ისინიც დაგუგლეთ და ბოლოს და ბოლოს გაერკვევით.
  • იყოთ გაბედული ლინუქსის ინტერნეტ-ფორუმებზე კითხვების (თუნდაც სულელური კითხვების) დასმაში. და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მოხალისეს, ვინც გიპასუხებთ და საკითხში გარკვევაში დაგეხმარებათ.

ლინუქსის უპირატესობები

ჩემთვის პირადად ლინუქსის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ იგი უფასოა. თან ლეგალურად უფასო. მე უბრალოდ არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამები (ვინდოუსი, ოფისი და ა.შ) ლეგალურად შევიძინო. პირატული პროგრამების დაყენება კი არ მსიამოვნებს - არ მინდა ქურდად ვგრძნობდე თავს! ამიტომ ავირჩიე ლინუქსი, რომელიც საშუალებას მაძლევს ფული დავზოგო და კანონები არ დავარღვიო. ხოლო ის, რომ სამაგიეროდ ლინუქსი ჩემს დროს, ტვინს  და ენერგიას ითხოვს -  ჩემთვის სრულიად მისაღებია. სამართლიანია, ჩემი აზრით.

ლინუქსის მეორე კარგი თვისება არის ის, რომ მას ბევრად ნაკლები მტერი ჰყავს, ვიდრე ვინდოუსს. და მსოფლიოს ჰაკერები მისი შემქმნელები ან გამომყენებლები არიან. ამიტომ არავინ იწუხებს თავს მისთვის ვირუსების დაწერაზე და გავრცელებაზე. შესაბამისად - ლინუქსს ვირუსები არ ჰყავს და ანტივირუსები არ გჭირდებათ!

კიდევ ერთი კარგი თვისება, რაც მე ლინუქსში მომწონს, არის ის, რომ იგი არ არის "მტაცებლური": არ გზღუდავს, არ გეპატრონება, არ ცდილობს რომ მის მეტი არაფერი გამოიყენო, რომ მხოლოდ მისი მომხმარებელი იყო სამუდამოდ. ლინუქსი თავისუფლად დგება კომპიუტერზე ვინდოუსის "გვერდით"; არსებობს სისტემის კომპაქტური ვარიანტები, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს კომპიუტერზე "დაყენებას" - მას შეუძლია ლაზერული დაისკიდან იმუშავოს: გარდა ამისა, ლინუქსი გაძლევს ვინდოუსის ნებისმიერი  პროგრამის გამოყენების შესაძლებლობას _ არსებობს პროგრამა Wine, რომელიც ასეთ პროგრამებს "ვინდოუსის გარემოს" უქმნის და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ; ლინუქსის სხვადასხვა დისტრიბუციები არ ებრძვიან ერთმანეთს - ყოველთვის შეგიძლია პაკეტის ერთი ნაწილი მეორეთი ჩაანაცვლო.

ლინუქსის მიმზიდველობის კიდევ ერთი, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი  კომპონენტი მისი მიმდევრების "საზოგადოებების" (ფორუმების) გახსნილობა და კეთილგანწყობაა _ როგორც ძველი, ისევე ახალი და სრულიად უვიცი წევრებისადმიც. და ეს შემთხვევითი არ არის _ ეს  ღია და თავისუფალი პროგრამირების ფილოსოფიის (ზოგიერთი მას უბრალოდ პრაგმატულ შორსმჭვრეტელობადაც თვლის) ნაწილია. მე პირადად ეს ფილოსოფია მომწონს.

რომელი ლინუქსი?

ლინუქსის დაყენებისას პირველი, რაც უნდა გადაწყვიტოთ _ რომელ ლინუქსს იყენებთ. უფრო სწორად, ლინუქსის რომელ პაკეტს, ანუ "დისტრიბუციას" (Linux distribution იხ. განმარტება ამ პოსტის ბოლოს). ვინაიდან ლინუქსი ღია და თავისუფალი პროგრამაა, მის დახვეწაზე დამოუკიდებლად ბევრი ჯგუფი მუშაობს.  დღეს ლინუქსის 600-მდე განსხვავებული პაკეტი არსებობს (List of Linux distributions). ყველა მათგანი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

მაშ როგორ ავირჩიოთ?

ჩემი რჩევა ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვანია, აირჩიოთ პაკეტი, რომელსაც ჰყავს მხარდამჭერ პროგრამისტთა მოქმედი ჯგუფი, თან რაც უფრო დიდია ეს ჯგუფი - უკეთესი. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერების და ინტერნეტ-ქსელების შესაძლებლობები ძალიან სწრაფად ვითარდება, ასევე სწრაფად იცვლება ჩვენი, მომხმარებლების მოთხოვნილებები. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპიუტერი ამ ცვლილებებს "ფეხდაფეხ" მისდევდეს, აუცილებელია მასში არსებული პროგრამების მუდმივი დახვეწა. ამისთვის კი მცოდნე ხალხის მუშაობაა საჭირო. ლინუქსის რამოდენიმე "დისტრიბუციას" ჰყავს ასეთი "მცოდნე ხალხის" დიდი და უწყვეტად მომუშავე ჯგუფები. მე გირჩევთ რომელიმე მათგანი აირჩიოთ.

ესენია (ანბანის მიხედვით):

  • აბანტუ (Ubuntu)
  • დებიანი (Debian)
  • მანდრივა (Mandriva)
  • რედ-ჰატი (Red Hat) (ლინუქსის ეს დისტრიბუცია ფასიანია)
  • სუსე (SUSE)
  • ფედორა (Fedora)
  • არჩ-ლინუქსი (Arch Linux)

მაინც რომელი? ვერ გეტყვით. ყველა კარგია. თქვენი გემოვნებით უნდა შეარჩიოთ (მაგალითად ამ ბლოგის ავტორებს ერთს აბანტუ, მეორეს კი - ფედორა უყენია).

სამწუხაროდ არჩევანი აქ არ თავდება: თითოეულ ჩამოთვლილ დისტრიბუციას აქვს სხვადასხვა მიზნისთვის მორგებული ვარიაციები. მაგალითად, აბანტუს ვარიაციებია: Ubuntu, Xubuntu, Lubuntu, Kubuntu, Edubuntu, Mythubuntu, Ubuntu Studio. გარდა ამისა, არსებობს აბანტუ ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის (Ubuntu Desktop), აბანტუ ნეთბუქისთვის (Ubuntu Netbook) და აბანტუ სერვერისთვის (Ubuntu Server).

იმისთვის, რომ თქვენი კომპიუტერისთვის შესაფერისი ლინუქსი აარჩიოთ, გირჩევთ მოძებნოთ ინტერნეტში თითოეული ამ ლინუქსის "ფანების" ფორუმები და გადაათვალიეროთ _ რა პრობლემებზე საუბრობენ, რაზე წუწუნებენ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ამოწერთ თქვენი კომპიუტერის მახასიათებლებს და სათითაოდ "დასერჩავთ"  (ანუ დაძებნით) თუ რას ამბობენ ამ ფორუმზე მათ შესახებ. ასევე კარგი იქნება, თუ მოძებნით დამწყები ლინუქსელების განყოფილებას თითოეულ ამ ფორუმზე, სადაც აღწერთ თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობებს და პირდაპირ იკითხავთ, ლინუქსის რომელი დისტრიბუციია დაყენებას მირჩევთ-თქო. დაელოდეთ 1-2 დღე, ვინმე აუცილებლად გამოგეხმაურებათ და სასარგებლო რჩევებს მოგცემთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, ხელახლა იკითხეთ - ეს არ არის უხერხული, პირიქით. და ბოლოს - არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა _ ეს ადამიანები ხომ სრულებით უფასოდ და უანგაროდ გეხმარებიან!

------------------------------------
გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად აქ პატარა განმარტებას გავაკეთებ: ძალიან ზუსტად თუ ვილაპარაკებთ, "ლინუქსი" საოპერაციო სისტემის მხოლოდ ერთ ნაწილს ქვია, ე.წ. "ბირთვს" (kernel), რომელიც 1991 წელს ფინელმა პროგრამისტმა, ტორვალდს ლაინუსმა (Torvalds Linus) შექმნა. საოპერაციო სისტემის დანარჩენი ნაწილები შექმნილია ე.წ. გნუ-პროექტის (GNU project) მიერ. ამიტომ "ლინუქსის საოპერაციო სისტემას" კორექტულად გნუ-ლინუქსის სისტემა ქვია.

"ლინუქსის დისტრიბუციას" აქ ვეძახით არა ამ ოპერაციულ სისტემას, არამედ პროგრამების უფრო დიდ ნაკრებს, რომელიც ოპერაციული სისტემის გარდა უამრავ სამომხმარებლო პროგრამას შეიცავს (ოფისის პროგრამები, ინტერნეტის საძიებელი და ელექტრონული მიმოწერის პროგრამები, სახატავი და ფილმების თუ ფოტოების სანახავი პროგრამები და სხვა). ეს დანარჩენი პროგრამები მთელი მსოფლიოს მოხალისე პროგრამისტების (ხშირად ჰაკერების) ერთობლივი შრომის შედეგია (როგორც წესი, თითოეულ პროგრამას მოჰყვება ინფორმაცია მისი ავტორის/ავტორების შესახებ).

ამდენად "ლინუქსის პაკეტი" ბევრი პროგრამის ნაკრებია, რომლის დაყენების შედეგად ვიღებთ მომხმარებლისთვის გამზადებულ, საკმაოდ მოსახერხებელ სისტემას.

ლინუქსის ნაკლოვანებები

ლინუქსის ძირითადი ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან რთულია გათვალო, რამდენად კარგად იმუშავებს ლინუქსის კონკრეტული პაკეტი შენს კონკრეტულ კომპიუტერზე. ეხლავე ავხსნი, რასაც ვგულისხმობ: ყოველი კონკრეტული კომპიუტერი ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. ალბათ გაგიგიათ დასახელებები "დედა-პლატა", "ოპერატიული მეხსიერება" "პროცესორი", "ჰარდი", "ვიდეო-კარტა", "საუნდ-კარტა" და ა.შ. ეს ყველა კომპიუტერის ნაწილებია. ხშირად ისინი სრულებით სხვადასხვა ფირმებში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მზადდება და მერე იკრიბება ერთად, ერთ "ყუთში" და ქმნის კომპიუტერს. ოპერაციული სისტემის (ანუ ვინდოუსის ან ლინუქსის) დანიშნულებაა ყველა ეს ნაწილი ერთ სისტემად შეკრას, ერთად ამუშავოს.

სამწუხაროდ სხვადასხვა ფირმის მიერ სხვადასხვა დროს წარმოებული ერთი და იგივე დანიშნულების ნაწილი (ნუ, ვთქვათ "ვიდეოკარტა") ზუსტად ერთნაირი არ არის. იმისთვის რომ ოპერაციულმა სისტემამ ის კარგად აამუშავოს, საჭიროა ის ამ კონკრეტული ფირმის იმ კონკრეტული ტიპის ნაწარმზე "მორგებული" იყოს. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ვინდოუსი უფრო მეტი ტიპის ნაწარმზეა მორგებული, ვიდრე ლინუქსი (კომპიუტერების მგონი 95% წინასწარ დაინსტალირებული და მორგებული ვინდოუსით იყიდება). ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხმარებაში მყოფი ვინდოუსის ვერსიები სულ სამი თუ ოთხია, ლინუქსები კი უამრავია. ამიტომ მომხმარებლისთვის ვინდოუსის ათვისება უფრო ადვილია. შესაბამისად კომპიუტერის მწარმოებლებიც უფრო ფართო მოხმარების ოპერაციულ სისტემაზე არიან ორიენტირებული.

შედეგი ის არის, რომ თქვენს კონკრეტულ კომპიუტერზე თქვენს მიერ შერჩეული ლინუქსის პაკეტის რაღაც ნაწილმა შეიძლება კარგად არ იმუშავოს. ამიტომ შეიძლება მოგიწიოთ პაკეტის ამ ნაწილის გამოცვლა, ან მთლიანად ლინუქსის სხვა პაკეტის დაყენება, ან კომპიუტერის რაღაც ნაწილის გამოცვლა ან განახლება. ყველა შემთხვევაში ეს წაიღებს საკმაოდ ბევრ დროს და ძალისხმევას. ამისთვის მზად უნდა იყოთ. ლინუქსი არის ღია და უფასო, მაგრამ არ არის "მზამზარეული".

გარდა ამისა, ლინუქსი არ იძლევა არავითარ გარანტიას: გარანტიას იმისა, რომ თქვენ მას კომპიუტერზე უპრობლემოდ დააყენებთ, ან იმისა, რომ არაფერი დაგიზიანდებათ, რომ უპრობლემოდ განაახლებთ და ა.შ.. ლიცენზირებული ვინდოუსი ან მაკ-ი ასეთ გარანტიებს იძლევა და თუკი თქვენ ამ სისტემებისგან ზიანი მოგადგათ, შეგიძლიათ მათ გამომშვებ კომპანიებს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოთ. ლინუქსში კი ასე არ არის. აქ პასუხს ვერავის მოსთხოვთ - საკუთარი თავის გარდა. ეს ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მახასიათებელია - თავად წყვეტ, რას აკეთებ და თავადვე აგებ პასუხს საკუთარი ქმედებისთვის.

თუმცა აქვე უნდა უარვყო გავრცელებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლინუქსი "ცარიელი საოპერაციო სისტემაა და მერე უნდა ეძებო ყველა პროგრამა და ცალ-ცალკე დააყენო მასზე". ეს ასე არ არის. შეიძლება ადრე იყო, არ ვიცი. დღეს ლინუქსები წარმოადგენს სრულ პროგრამულ პაკეტს, რომელშიც შედის მომხმარებლისთვის საჭირო ყველა პროგრამა: ინტერნეტის ბრიუზერი, ელ-ფოსტა, ჩატი, ოფისი, სახატავი პროგრამა, ვიდეოების საყურებელი პროგრამა, ფოტოების დასათვალიერებელი პროგრამები და ა.შ. გარდა ამისა ლინუქსს აქვს გამზადებული პროგრამების ღია ინტერნეტ-საწყობები, ე.წ. "რეპოზიტორები" (Software repositories) საიდანაც უამრავი პროგრამის არჩევა შეიძლება, და რომელიც საკმაოდ იოლად ყენდება კომპიუტერზე.

Tuesday, April 5, 2011

რა არის ლინუქსი

"ლინუქსი" (Linux) არის კომპიუტერის ე.წ. ოპერაციული სისტემა (Operating system), როგორც "ვინდოუსი" ან "მაკი". ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის პროგრამა, რომელიც ეშვება ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ კომპიუტერის ჩართვისას. ასე ვთქვათ ჩარჩო-პროგრამა, რომელსაც მომხმარებელი სხვა პროგრამების გასაშვებად ხმარობს.

ვინდოუსისგან და მაკისგან ლინუქსი განსხვავდება იმით, რომ ღიაა. უფრო სწორად - მისი კოდი არის ღია (Open source). "ღიაობა" მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პროგრამისტს შეუძლია გახსნას ოპერაციული სისტემის / დამხმარე პროგრამის ფაილი (კოდი) და წაიკითხოს რა წერია მასში (ვინდოუსში და მაკში ეს, როგორც წესი შეუძლებელია), არამედ იმასაც, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეს ფაილი როგორც უნდა ისე შეცვალოს, გადააკეთოს, რაშიც უნდა გამოიყენოს - ის არ არის დაცული ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიით, ე.წ. "კოპირაითით" (Copyright). პირიქით, ამ პროგრამებზე ვრცელდება ე.წ. "კოპილეფტი" (Copyleft) - ანუ ლიცენზია, რომელიც იძლევა მისი თავისუფალი გამოყენების უფლებას (უფრო სწორი ტერმინია Free software license, მაგრამ მე კოპილეფტი უფრო მომწონს).

გარდა ამისა, ლინუქსი უფასოა! ანუ ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი, საიდანაც ის შეგიძლიათ სრულიად ლეგალურად, უფასოდ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ. არც შემდეგ, მისი განახლებების ჩამოტვირთვისას არ იხადოთ ფული. და ამავე დროს ლინუქსის დახვეწაზე უამრავი ადამიანი მუშაობს მთელ მსოფლიოში. ალბათ კითხვა დაგებადებათ - კი მაგრამ რითი ცხოვრობს ეს ხალხი? პასუხი: ლინუქსის მომსახურებით. ანუ არსებობს ფასიანი მომსახურების ლინუქსები. ასეთი მომსახურება ყველა თქვენი პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ გარეშე პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია - სრულებით არა. ყველაფერი ხელმისაწვდომია. უბრალოდ მეტ დროს საჭიროებს.

აქედან დასკვნა: ლინუქსს აქვს პრობლემები (ისევე როგორც ვინდოუსს). და მათ გადაჭრას სჭირდება ან დრო, ან ფული.