აქ აღვწერ, თუ როგორ შეგიძლიათ ლინუქსის ერთი პატარა სიმპათიური დისტრიბუცია, "ლეკვი-ლინუქსი" (სინამდვილეში მისი სახელია პაპი-ლინუქსი, Puppy Linux) USB ფლეშ-კარტაზე დაიყენოთ და მისი საშუალებით თქვენს "ვინდოუსელ" მეგობრებს კომპიუტერის ვირუსებისგან გაწმენდაში დაეხმაროთ.
დაგჭირდებათ შემდეგი: კომპიუტერი, რომელსაც აქვს ინტერნეტ-კავშირი, RW CD-ROM და USB პორტი (სულერთია, რა საოპერაციო სისტემა აყენია კომპიუტერზე), ერთი ცარიელი CD და ერთი 1GB ზომის ცარიელი ფლეშ-კარტა.
მაშ ასე, შევუდგეთ:
1. პაპი-ლინუქსის ოფიციალური საიტიდან ჩამოწერეთ ყველაზე ახალი ვერსია და შექმენით მისგან საინსტალაციო დისკი ამ პოსტში აღწერილი მეთოდით. პაპი-ლინუქსი პრინციპში გარე დისკიდან მომუშავე ლინუქსია, ამიტომ ეს დისკი რეალურად პაპი-ლინუქსის Live-CD გამოვა.
2. გაუშვით კომპიუტერი პაპი-ლინუქსის Live-CD დისკიდან (განმარტებებისთვის იხ. ეს პოსტი). დაელოდეთ, სანამ გაიხსნება ასეთი ეკრანი:
3. ეხლა მოვამზადოთ ფლეშ-კარტა: ანუ დავაფორმატოთ და გავხადოთ "ჩატვირთვადი". ამისთვის ვიქცევით ასე:
Setup მენიუში ვირჩევთ Bootflash install Puppy to USB:
გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
დატოვეთ გააქტიურებული USB-HDD და დააჭირეთ OKღილაკს. გაჩნდება წარწერა:
შეარჭეთ USB პორტში ფლეშ-კარტა, რომელზეც აპირებთ პაპი-ლინუქსის დაყენებას. თუ ის აქამდე შერჭობილი იყო, გამოარჭეთ და შეარჭეთ ხელახლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში გაჩნდეს ფლეშ-კარტის გამოსახულება:
ამის შემდეგ დააჭირეთ OK ღილაკს. გაჩნდება ასეთი წარწერა (ცხადია, ფლეშ-კარტის ზომა ეწერება ის, რაც თქვენი კარტის ზომაა):
დააჭირეთ OK ღილაკს. კომპიუტერი კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ:
ისევ დააჭირეთ OK ღილაკს. დაიწერება:
დაელოდეთ. ბოლოს გაჩნდება ასეთი წარწერა:
აქ კი უკვე აღარ ვაგრძელებთ! ვაჭერთ Exit, finished ღილაკს. ფლეშ-კარტა საინსტალაციოდ მზადაა.
4. ინსტალაცია:
ვხსნით პაპი-ლინუქსის უნივერსალუ ინსტალატორს:
გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
დატოვეთ გააქტიურებული USB Flash drive და დააჭირეთ OK ღილაკს. შემდეგი წარწერა ასეთი იქნება:
თუ კომპიუტერზე სხვა ფლეშ-კარტაც არის მიერთებული, აქ მოგიწევთ ამოირჩიოთ ის, რომელზეც აყენებთ პაპი-ლინუქსს. თუ მხოლოდ ერთი ფლეშ-კარტა არის კომპიუტერზე მიერთებული, მაშინ ასარჩევი არაფერია და უბრალოდ აჭერთ OK ღილაკს. გაჩნდება ასეთი ფანჯარა:
მე გირჩევთ დააჭიროთ ძაღლუკას თავიან ღილაკს, რომელზეც ამ სურათში ისარი უთითებს - ასე დაინსტალირებულ პაპი-ლინუქსს უმეტესი, ყველაზე ურჩი კომპიუტერებიც კი აღიქვამენ.
შემდეგ კომპიუტერი შეგვეკითხება, საიდან აიღოს პაპი-ლინუქსის ფაილები:
ვაჭერთ CD ღილაკს. კომპიუტერი შეგვახსენებს, CD ჩადეთ კომპიუტერშიო:
ჩვენს შემთხვევაში პაპის CD უკვე კომპიუტერშია (ჩვენ ხომ Live CD-დან ვმუშაობთ), ამიტომ უბრალოდ ვაჭერთ OK ღილაკს. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა:
დატოვებთ დააქტიურებულს default ვარიანტს და აჭერთ OK ღილაკს. და აი, სულ ბოლო გაფრთხილება:
აჭერთ კლავიატურის Enter კლავიშს. შემდეგ დაიწერება ასეთი რამ:
ისევ აჭერთ Enter კლავიშს. დაიწერება ეს:
თუ აპირებთ ფლეშ-კარტაზე დაყენებული პაპი-ლინუქსი ისეთ კომპიუტერებზე გამოიყენოთ, რომელსაც 256MB-ზე მცირე ოპერატიული მეხსიერება აქვს, დააჭირეთ
Enter კლავიშს. თუ არა _ აკრიფეთ კლავიატურაზე რაიმე ციფრი (მაგალითად 4) და ამის შემდეგ დააჭირეთ Enter კლავიშს.
და ბოლოს, გაეშვება ინსტალაცია. ელოდებით სანამ ის დასრულდება და დაიწერება Finished, press Enter to continue:
დააჭირეთ Enter კლავიშს. მორჩა, ფლეშ-კარტაზე უკვე პაპი-ლინუქსი გაქვთ დაყენებული.
გამორთეთ კომპიუტერი. გამორთვისას გაიხსნება ეკრანი,სადაც გკითხავენ, გსურთ თუ არა ამ სესიის შენახვაო - უპასუხეთ რომ არ გსურთ (თქვენ ხომ ლაზერული დისკიდან მუშაობდით). კომპიუტერი გამოირთვება.
5. გაუშვით კომპიუტერი ფლეშ-კარტიდან. გაიხსნება ისევ პაპი-ლინუქსის ზემოთ ნაჩვენები ეკრანი. ისევ გამორთეთ კომპიუტერი, მაგრამ ამჯერად, გამორთვისას აირჩევთ სესიის შენახვას ფლეშ-კარტაზე (როგორც წესი, ეწერება: Save to sdb) და დააცადეთ კომპიუტრს სრულად გამორთვა. შემდგომ სესიებზე ეს დამახსოვრება ავტომატურად მოხდება. ასე რომ ყველა ცვლილება რასაც თქვენ პაპი-ლინუქსში შეიტანთ, ფლეშ-კარტაზე შეინახება.
კიდევ ერთი რამ: პაპი-ლინუქსის პატარა ზომის გამო მასზე სულ ხუთიოდე ფონტი აყენია და ქართული საიტების წაკითხვა შეუძლებელია. ამ ნაკლის გამოსწორება ძალიან იოლია - ჩამოტვირთეთ Sylfaen ფონტი www.fonts.ge საიტიდან, ამოაარქივეთ და გადაიტანეთ /usr/share/fonts/truetype დირექტორიაში. გახსენით ქართული საიტი ხელახლა - ამჯერად ქართული წარწერები ჩვეულებრივად გამოჩნდება.
6. ეხლა პაპი-ლინუქსში F-prot ანტივირუსი უნდა გავააქტიუროთ (ამისთვის დაგვჭირდება კომპიუტერის ინტერნეტში შეერთება).
უფრო იოლი ვარიანტია ანტივირუსის ტერმინალიდან მოსახმარი ვერსიის ამუშავება. ამისთვის უბრალოდ ჩამოტვირთეთ ეს ფაილი. შემდეგ ფაილების მენეჯერით შედით იმ დირექტორიაში, რომელშიც ფაილი ჩაიწერა:
ხედავთ ყუთიდან რომ ლეკვი იჭყიტება? - ეს სწორედ ის ფაილია, ჩვენ რომ გვჭირდება. დაწკაპეთ მასზე მაუსის მარცხენა ღილაკით. გამოჩნდება კითხვა:
დაეთანხმეთ (ანუ დააჭირეთ OK ღილაკს). ცოტა ხანში გამოჩნდება შეტყობინება იმის თაობაზე, რომ F-Prot ანტივირუსი დაყენებულია.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გახსნათ ტერმინალი (ანუ "კონსოლი") და აკრიფოთ ბრძანება:
fpscan -h
გაიხსნება f-prot ანტივირუსის ბრძანებების აღმწერი გვერდი. გაეცანით მას. ძირითადი ბრძანებებია: ვირუსების შეძლებისდაგვარად გასანეიტრალებლად:
fpscan --disinfect fileordirectory
(აქ fileordirectory ნაცვლად უნდა ჩაწეროთ იმ დირექტორიის სრული მისამართი, რომლის შემოწმებაც გსურთ. მაგალითად, თუ ვინდოუსი კომპიუტერის მყარი დისკის პირველ დანაყოფზე (partition) აყენია და თქვენ მასზე გინდათ ანტივირუსი "გადაატაროთ", fileordirectory-ს მაგივრად უნდა ჩაწეროთ /mnt/sda1 )
შესაძლებელია ანტივირუსს დაავალოთ ვირუსების მოძებნა მათი მოსპობა-განეიტრალების გარეშეც. ამისთვის აკრიფეთ:
fpscan --report fileordirectory
რომლის შედეგად უბრალოდ მიიღებთ სრულ ანგარიშს, თუ რომელი ფაილები შეიცავს ვირუსებს. შემდეგ შეგიძლიათ ეს საეჭვო ფაილები თავად წაშალოთ ტერმინალის ბრძანებების საშუალებით.
7. თუ თქვენ ტერმინალის დიდი მოყვარული არ ხართ, შესაძლებელია F-prot ანტივირუსის გრაფიკული ინტერფეისიც გავააქტიუროთ, რაც საშუალებას მოგცემთ ანტივირუსი ტერმინალის გარეშე გამოიყენოთ. ამისთვის ვიქცევით ასე:
მენიუებში ვპოულობთ და ვხსნით პაპი-ლინუსქსის პროგრამული პაკეტების მენეჯერს. გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
დააჭირეთ სურათზე მითითებულ ღილაკს (Configure package manager). გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, ჩამონათვალში მონიშნეთ puppy-4-official და დააჭირეთ OKღილაკს.
ამის შემდეგ დახურეთ და ხელახლა გახსენით პროგრამული პაკეტების მენეჯერი. დაინახავთ, რომ მის ზედა მარჯვენა კუთხეში გაჩნდა ახალი წარწერა: puppy-4. გაააქტიურეთ იგი.
შემდეგ კი აირჩიეთ მარჯვენა ჩამონათვალიდან Utility. გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
როგორც ხედაბთ, ამ ჩამონათვალში გაჩნდა xfprot, ანუ F-prot ანტივირუსის გრაფიკული ინტერფეისი. დაწკაპეთ მასზე მაუსით. კომპიუტერი მოითხოვს დადასტურებას:
დააჭირეთ ღილაკს Install xprot 1-23. კომპიუტერი მოგცემთ არცევანს, საიდან ჩამოიტვირთოს პროგრამა - დაეთანხმეთ პირველივე ვარიანტს, როგორც წესი ის კარგად მუშაობს. ამის შემდეგ დაიწყება ინფორმაციის ჩამოტვირთვა და დაყენება. დაელოდეთ. ბოლოს კომპიუტერი დაგიწერთ შეტყობინებას, რომ ახალი პროგრამა დაყენებულია და მენიუებს განაახლებს.
მოძებნეთ F-prot ანტივირუსი მენიუებში:
დაწკაპეთ მასზე. უნდა გაიხსნას ასეთი ფანჯარა:
მონიშნეთ I agree და დააჭირეთ OK ღილაკს. ამის შემდეგ უკვე გაიხსნება F-prot ანტივირუსის სამუშაო ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ან აირჩიოთ დირექტორია, რომლის ვირუსებისგან გაწმენდა გსურთ, ამ გაწმენდის სხვადასხვა პირობები და აღმოჩენილ ვირუსებზე რეაგირების ხერხები:
ყურადღება! შესაძლოა, მენიუდან F-prot ანტივირუსის პირველი გაშვებისას "გამოხტეს" ასეთი წარწერა:
ასეთ შემთხვევაში დააჭირეთ Ok ღილაკს, შემდეგ კი ჩამოტვირთეთ ეს ფაილი და გაუშვით (ანუ ფაილების მენეჯერით შედით იმ დირექტორიაში, სადაც ჩამოტვირთული ფაილი ჩაწერეთ, მოძებნეთ ახალი "ცუგა ყუთში" და დაწკაპეთ მაუსით). ამის შემდეგ F-prot ანტივირუსი მენიუებიდან უპრობლემოდ უნდა გაეშვას.
8. სულ ეს არის. თქვენ უკვე გაქვთ "ფლეშკა", რომლითაც ნებისმიერ კომპიუტერში ვინდოუსის ვირუსების გამოვლენა და მოსპობა შეგიძლიათ. ამისთვის უნდა გაუშვათ კომპიუტერი "ფლეშკიდან" და როცა პაპი-ლინუქსი გაიხსნება, გაუშვათ ანტივირუსი. ბუნებრივია, ანტივირუსს უნდა მიუთითოთ, რომ ვირუსები არა "ფლეშკაზე", არამედ იმ კომპიუტერში მოძებნოს, რომელზეც "ფლეშკა" მიერთებულია. ანუ, თუკი ეს არის ჩვეულებრივი კომპიუტერი, რომლიც C დისკზე ვინდოუსი აყენია, შესამოწმებელი მისამართი (Path to scan) იქნება /mnt/sda .
თუმცა შეიძლება კომპიუტერს რამოდენიმე მყარი დისკი ჰქონდეს ან ერთადერთი დისკი რამოდენიმე დანაყოფად იყოს დაყოფილი. ამ შემთხვევაში ანტივირუსს ისინი ცალ-ცალკე უნდა მოუთითოთ. მათი ზუსტი მისამართი იოლი გამოსაცნობია: პაპი-ლინუქსის ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში კომპიუტერის ყველა დისკი და მათი დანაყოფი მითითებულია. მაგალითად ასე:
ამ სურათზე მიმდევრობით ჩანს: დისკეტა, მყარი დისკის რამოდენიმე დანაყოფი და ლაზერული დისკი. ამ მაგალითში მყარი დისკის პირველ დანაყოფზე ანტივირუსის "გადასატარებლად" ანტივირუსს უნდა მივუთითოთ მისამართი /mnt/sda1, მეორე დანაყოფისთვის - /mnt/sda5, მესამისთვის - /mnt/sda7, მეოთხისთვის - /mnt/sda8. თუ ანტივირუსმა დაგიწერათ, რომ ასეთი დირექტორია არ არსებობსო, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერის დისკის შესაბამისი ნაწილი პაპი-ლინუქსის ფაილების სისტემაზე "მიმაგრებული" (mounted) არ არის. მის მისამაგრებლად უბრალოდ "დაწკაპეთ" მაუსის მარცხენა ღილაკით მყარი დისკის ამ დანაწევრის გამოსახულებაზე. მასზე გაჩნდება მიმაგრების ნიშანი (მწვანე ბურთი):
ამის შემდეგ ხელახლა მიუთითეთ ანტივირუსს ეს მისამართი.
ალბათ იცით, რომ ზოგიერთი ვირუსი ვინდოუსის სისტემურ ფაილებში ჯდება და მათი წაშლის შემდეგ ვინდოუსი შეიძლება აღარ გაეშვას. ამიტომ, ყველაზე უსაფრთხოა ანტივირუსი კომპიუტერს მხოლოდ სიტუაციის შესწავლის რეჟიმში გადაატაროთ (ანუ მოითხოვოთ reporting და არა disinfect ან delete). შედეგად მიირებთ ანგარიშს, თუ რომელი ფაილები შეიცავს ვირუსებს ან სხვა მხრივ გამოიყურება საეჭვოდ კომპიუტერში. შეგიძლიათ ეს ფაილები არ წაშალოთ, არამედ რამე ცალკე დირექტორიაში გადაიტანოთ და ნახოთ, გაეშვება თუ არა მათ გარეშე ვინდოუსი. თუ რომელიმე ფაილის გარეშე ვინდოუსი არ გაეშვა - მისი შემცვლელი "ჯანსაღი" ფაილი უნდა მოიპოვოთ (მაგალითად სხვა კომპიუტერიდან) და მის ადგილას ჩასვათ. ან ურჩიოთ თქვენს მეგობარს, ვინდოუსი გადააყენოს, მისთვის საჭირო დოკუმენტები კი თქვენ შეგიძლიათ გადაურჩინოთ _ პაპი-ლინუქსის საშუალებით უბრალოდ გადაწერეთ ისინი რაიმე გარე დისკზე.
No comments:
Post a Comment